16 ოქტომბერი 2018,   21:43
ვრცლად
"ყველა დანახული ჰყავს" - ზაზა სარალიძე არასრულწლოვნის დაკავებას ეხმაურება

„ყველა ძალიან კარგად იცის, ყველა დანახული ჰყავს, იმიტომ, რომ პირდაპირ ეპიცენტრში იყო. რაც შეეხება მკვლელობას, ნებისმიერი ჭრილობა, 12-ვე მომაკვდინებელი იყო ჩემთვის ჩემი შვილის მიმართ, რაც იყო გამოყენებული,“- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, 51-ე სკოლის მოსწავლის, დ.ღ.-ს დაკავების შემდეგ განაცხადა.

ზაზა სარალიძის თქმით, დაკავებული მოზარდი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე ინფორმაციას ფლობს და მან სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. მოკლული დავით სარალიძის მამა არ გამორიცხავს, რომ დ.ღ. დააშინეს.

ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანსა და ბორის კაკუბავას გვარებს ასახელებს.

„ან თავისი მენტალობიდან გამომდინარე, ან ან ზეწოლის ქვეშ იყო, ან მოისყიდა ვინმემ, ან დააშინა. ან მირზა სუბელიანი, ან ბორის კაკუბავა, ან ვინმე დაინტერესებული პირი.“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

51-ე სკოლის მოსწავლე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზეა დაკავებული. მოზარდი სამართალდამცველებმა სასამართლოს განჩინებით აიყვანეს. არასრულწლოვანს გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. საქმეში უკვე დევს დ.ღ-ს ორი ჩვენება, რომელიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.

მოზარდი, რომელიც რამდენიმე საათის წინ დააკავეს, 51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტში და შემდეგ უკვე ხორავას ბნელ ფარდულში განვითარებულ მოვლენებშიც ფიგურირებს. ინფორმაციას, რომელსაც არასრულწლოვანი ფლობს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეეძლო, ორი მოზარდის მკვლელობის საქმის გამოძიება შეეცვალა.

 

დღის ამბები