24 აპრილი 2024,   06:30
ვრცლად
საქმეების გადასაბარებლად და ოჯახის გადმოსაყვანად არის წასული - ეკონომიკის მინისტრის მოსკოვში გამგზავრების მიზეზებს განმარტავენ 

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებიდან მეორე დღეს გიორგი ქობულია მოსკოვში გაემგზავრა. ის ახლაც რუსეთის დედაქალაქში იმყოფება.

ეს გიორგი ქობულიას ოფიციალური ვიზიტი არ არის. მინისტრმა დამტკიცებისთანავე პრემიერს ერთკვირიანი შვებულება ოჯახის თბილისში გადმოსაყვანად და მოსკოვში საკუთარი საქმეების დასასრულებლად სთხოვა.

ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილ ეკონომიკის სამინისტროში დღეს არ სურდათ ამ ფაქტზე საუბარი, თუმცა, განმარტება საბოლოოდ მაინც გაკეთდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი კალანდაძემ განაცხადა, რომ მინისტრი მოსკოვში პოლიტიკურ შეხვედრებს არ გამართავს. კალანდაძის ინფორმაციით, გიორგი ქობულიას მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობის ხელმძღვანელს აქვს ინფორმაცია.

თუმცა, „კურიერის“ ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის მოთხოვნა მოსკოვში გამგზავრებასთან დაკავშირებით, მოულოდნელი აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრისთვის. 

„იქ ხელმძღვანელობს ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს და, ბუნებრივია, პროექტებს სჭირდება გარკვეული გადაბარება და სწორედ ამ საქმეების მოსაგვარებლად არის ის წასული მოსკოვში და ასევე, ოჯახის გადმოსაყვანად საქართველოში. ის შვებულებით გაემგზავრა იქ... ეს არის შვებულება, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ, ყოფილ სამსახურში საქმეების გადაბარების პროცესთან,“ - განაცხადა გიორგი კალანდაძემ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები