23 აპრილი 2024,   15:48
ვრცლად
ჩატაევის და სუს-ის ფარული კავშირები - „კურიერმა“ ტერორიზმის საქმეზე ბრალდებული ანატოლი ბერძენიშვილის ჩვენების აუდიოჩანაწერი მოიპოვა

ახმედ ჩატაევისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული კავშირები ტერორიზმის საქმეზე ბრალდებულმა დაადასტურა. ირკვევა, რომ "ცალხელა ახმედმა" ქართულ სპეცსამსახურებს წინასწარ უთხრა, რომ საქართველოში ჩამოდიოდა.

კურიერმა მოიპოვა ტერორიზმის საქმეზე ბრალდებული ანატოლი ბერძენიშვილის ჩვენების აუდიოჩანაწერი.

ის სასამართლო დარბაზში ყვება, რომ იყო ჩატაევსა და სუს-ს შორის შუამავალი და "ცალხელა ახმედს" კავშირი ჰქონდა ქართულ სპეცსამსახურებთან. ჩატაევის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით შუამავალ ბერძენიშვილს სუს-ის მაღალჩინოსნებთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა.

ამ შეხვედრიდან მალევე ჩატაევი ქართველმა სამართალდამცველებმა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დააკავეს. თუმცა, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლო დარბაზიდან რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. ანატოლი ბერძენიშვილის მტკიცებით, გათავისუფლების შემდეგ ჩატაევი სირიაში მებრძოლთა რიგებს შეუერთდა და მასთან კონტაქტი აღარ ჰქონდა.

საქართველოს დატოვების შემდეგ, ჩატაევის დავალებით, შუამავალმა ბერძენიშვილს 2017 წლის სექტემბერში დაურეკა. უთხრა, რომ ისლამური სახელმწიფოს ლიდერს მასთან შეხვედრა სურდა და თურქეთში დაიბარა.

ანატოლი ბერძენიშვილი ამ შეხვედრიდან ერთ კვირაში თურქეთში ავტობუსით გაემგზავრა. ქალაქ იზმირში ის ახმედ ჩატაევს შეხვდა.

მსოფლიოს საშიშ ტერორისტს საქართველოში ჩამოსვლა ქართული სპეცსამსახურების დახმარებით სურდა. ჩვენების მიხედვით, ახმედ ჩატაევმა ბერძენიშვილს სთხოვა, რომ მის საქართველოში შემოსვლის შესახებ მას ინფორმაცია საკუთარი კონტაქტებით სუს-ის მაღალჩინოსნებისთვის მიეწოდებინა. ჩატაევმა ქართულ სპეცსამსახურებთან კონკრეტული მოთხოვნებიც ჰქონდა.

ბერძენიშვილის ჩვენების მიხედვით, ახმედ ჩატაევს ჰქონდა ეჭვი, რომ თურქეთი მისი რუსეთისთვის გადაცემას აპირებდა, სწორედ ამიტომ უნდოდა თურქეთის დატოვება და თვლიდა, რომ საქართველოში, სპეცსამსახურებთან კონტაქტების გამო, უსაფრთხოდ იქნებოდა.

საქართველოში დაბრუნებული ანატოლი ბერძენიშვილი უშიშროების ყოფილ თანამშრომელ გოგიტა აფციაურს დაუკავშირდა. რამდენიმე დღეში კი აფციაურმა ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პაატა ჯაჭვაძეს, შეახვედრა.  ბერძენიშვილმა მაღალჩინოსანს, მისი მტკიცებით, ჩატაევის სურვილის შესახებ დეტალურად უამბო, პაატა ჯაჭვაძემ კი მას რამდენიმედღიანი ვადა სთხოვა. რამდენიმე კვირაში კი ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა. მალევე, ჩატაევთან კავშირის გამო, ანატოლი ბერძენიშვილი და რამაზ მარგოშვილი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

საქმის ერთ-ერთი მოწმე უშიშროების ყოფილი თანამშრომელი გოგიტა აფციაურია. ის დეტალურად იხსენებს, როგორ შეახვედრა უშიშროების მაღალჩინოსანი ჯაჭვაძე და ბრალდებული ბერძენიშვილი ერთმანეთს.

აფციაური ვარაუდობს, რომ ბერძენიშვილთან მოლაპარაკების პარალელურად, სუს-მა ჩატაევი თავად შემოიყვანა.

პაატა ჯაჭვაძემ სასმართლოში დაკითხვისას ანატოლი ბერძენიშვილთან შეხვედრა დაადასტურა. ბერძენიშვილის მტკიცებით, მათი შეხვედრის ამსახველი აუდიოჩანაწერი მის პირად კომპიუტერში ინახებოდა, თუმცა, გამოძიებამ საქმეში არ ჩადო.

დღის ამბები