ფოთში პოლიციელის მიერ თავის არეში დაჭრილ ახალგაზრდას, სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა. თავის არეში დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, ის კლინიკაში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
მამაკაცს, რომელიც თიბისი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, სამართალდამცველმა ესროლა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ქურდობის ფაქტს სამართალდამცველი შეესწრო. დაკავებისას პოლიციის თანამშრომელს დამნაშავემ, რომელიც ჩაქუჩით იყო შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.
ადგილობრივების განცხადებით, პოლიციელს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული, თუმცა სასწრაფო დახმარების ექიმის განმარტებით, ადგილზე მისულმა სამედიცინო ბრიგადამ პირველადი დახმარება მხოლოდ თავში დაჭრილ მამაკაცს აღმოუჩინა.
„ადგილზე დამხვდა პაციენტი უგონო მდგომარეობაში თავის არეში აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობა, მეტი არავის დასჭირვებია ჩვენი დახმარება, ჩვენ მხოლოდ ერთი პაციენტი ვნახეთ,“-ამბობს ექიმი ლელა სიჭინავა.
შს სამინისტრომ გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო. რაც შეეხება სამართალდამცველის მხრიდან სროლის ფაქტს, საქმეს პროკურატურა იძიებს.
ავტორი:სოფო ჭულუხაძე