20 აპრილი 2024,   14:54
ვრცლად
„საქნახშირის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები თანამდებობას დატოვებენ - ტყიბულის მერი

„საქნახშირის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები თანამდებობას დატოვებენ - ამის შესახებ განცხადება ტყიბულის მერმა, თემურ ჩუბინიძემ გენერალურ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, შეხვედრაზე თავად ჯაყელმა უთხრა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომელთა გათავისუფლებასაც მეშახტეები ითხოვენ, რამდენიმე საათში გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან. 

„მქონდა გენერალურ დირექტორთან საუბარი, ბატონ ჯამბულ ჯაყელთან, რომელმაც მითხრა პირადად, რომ ბატონი გია ქარქაშაძე, ბატონი აკაკი ახვლედიანი, ბატონი კირკიტაძე, ბატონი აბულაძე და აბესაძე დღეს 12:00 საათზე, ბრძანების ტექსტი მზადდება, გათავისუფლებული იქნებიან დაკავებული თანამდებობიდან და წავლენ სახლებში. თავად როცა ეს ყველაფერი იურიდიულად მოწესრიგდება და კომპანია სტატუსს აღიდგენს და გააგრძელებს ნორმალურად ფუნქციონირებას დატოვებს თანამდებობას,“ - განაცხადა თემურ ჩუბინიძემ.

"საქნახშირში" ადასტურებენ, რომ კომპანიის წარმოების დირექტორი, შახტის უფროსი და მთავარი ინჟინერი თანამდებობას დატოვებენ.

რაც შეეხება, მეშახტეების ანაზღაურებას, თემურ ჩუბინიძემ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს კომპანიის წარმომადგენლებს და მთავრობის წევრებს შორის მოლაპარაკება, რათა შახტის მუშაობის განახლებამდე, მეშახტეებმა ხელფასის აღება შეძლონ.

„მთავრობაში მიმდინარეობს მუშაობა, შეთანხმდნენ უკვე, რომ GIG-ის ჯგუფი და ცენტრალური ხელისუფლება იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ ნორმალური სამუშაო რეჟიმი აღდგება შახტში, ყველა მეშახტე მიიღებს ხელფასს,“ - განაცხადა თემურ ჩუბინიძემ.

ტყიბულში აქცია დღეს დილიდან მიმდინარეობს. შეკრებილების მთავარი მოთხოვნა "საქნახშირის" ადმინისტრაციის გადაყენება და ტრაგიკულ შემთხვევებზე პასუხისმგებელი პირების დასჯაა. ისინი ასევე, მოითხოვენ ქვეყნის პრემიერთან შეხვედრას და შახტების შენარჩუნებას.

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე.

დღის ამბები