„შახტის ადმინისტრაციამ, გია ქარქაშაძემ და მისმა ლეკვებმა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დატოვონ შახტი დროულად,“ - ეს განცხადება, ტყიბულში აქციის მონაწილემ გააკეთა. აქცია ტყიბულში დღეს დილიდან მიმდინარეობს, სადაც შეკრებილები "საქნახშირის" ადმინისტრაციის გადაყენებას და ტრაგიკულ შემთხვევებზე პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, მანამ გააგრძელებენ აქციებს, სანამ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა არ შეიცვლება. შეკრებილები ასევე, პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.
„მთავრობის თითოეული წევრი ჩამობრძანდეს და დადგეს ამ გაჭირვებულ, გასისხლიანებულ ხალხს გვერდით, რომ ასეთი ფაქტები, ასეთი ლამაზი ბიჭები რომ აღარ ჩაწვნენ და აღარ დავდგეთ „ოჩერედში, დაუდგნენ ამ ხალხს გვერდით,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.
აქციის წევრები ამბობენ, რომ უსაფრთხოება შახტებში უნდა გაძლიერდეს. ისინი ითხოვენ, რომ ახალი ტექნოლოგიები დამონტაჟდეს შახტებში, რის შედეგად შეძლებენ სამუშაოების გაგრძელებას.
მეშახტეები ასევე, მოითხოვენ ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც აღნიშნული იქნება, რომ შახტაში სამუშაო პროცესების გაგრძელებამდე ისინი ანაზღაურებას ნამდვილად მიიღებენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა "საქნახშირის" ადმინისტრაციის გადაყენება და ტრაგიკულ შემთხვევებზე პასუხისმგებელი პირების დასჯაა. ისინი ასევე, მოითხოვენ ქვეყნის პრემიერთან შეხვედრას და შახტების შენარჩუნებას.
ავტორი: თაკო სურგულაძე.