23 აპრილი 2024,   10:53
ვრცლად
სამხედრო პოლიციას სხვა ინფორმაცია ჰქონდა, რეალურად რაც მოხდა მოგვიანებით გახდა ცნობილი - თავდაცვის მინისტრი 31 წლის სამხედროს ცემის ფაქტზე

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია „შაბათის კურიერში“ გასულ იმ რეპორტაჟს გამოეხმაურა, რომელიც 31 წლის სამხედროს სერგო ჯიმშერაშვილის ცემის ფაქტს ეხებოდა.

ბრალდებული სამხედროების ადვოკატების განცხადებით, თავდაცვის უწყებამ ფაქტის შესახებ იცოდა, თუმცა დამალა. სამხედრო პოლიციამ კი გამოძიება არ დაიწყო.

მომხდარის შესახებ  ცნობილი მას შემდეგ გახდა, დაზარალებულის ოჯახმა მთავარ პროკურატურას მიმართა.

თავდაცვის მინისტრი ბრალდებების საპასუხოდ ამბობს, რომ შემთხვევა არ მომხდარა სამხედრო ნაწილში, ამიტომ სამხედრო პოლიციამ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედა.

„სამხედრო პოლიციამ იმოქმედა და ჰქონდა მყისიერი რეაგირება, თავის კომპეტენციის ფარგლებში, რათა დაედგინა, ალკოჰოლური სასმელის მიღების ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი სამხედრო ნაწილის ფარგლებში.

ის ბრალდება, რომ თითქოსდა სამხედრო პოლიციამ პროცესუალურად არ იმოქმედა, ჯერ ერთი ამას კანონი უკრძალავს და შეზღუდულია,“-ამბობს თავდაცვის მინისტრი.

მინისტრის განმარტებით, სამხედრო პოლიციას თავდაპირველად ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ჯაშიაშვილმა დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო. იზორიას თქმით, უწყებისთვის რეალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდა ცნობილი.

„არ ჰქონდა ინფორმაცია, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ადამიანი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სხვებთან ერთად სვამდა გახდა შეუძლოდ, წაიქცა, დაზიანდა. სწორედ იმის გამო, რომ იმალებოდა დანაშაული სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან ისინი პასუხისგებაში არიან მიცემული. პირველადი ინფორმაციით, ასეთი შეტყობინება შევიდა სწორედ სამოქალაქო პოლიციაში“-ამბობს მინისტრი.

დაკავებული სამხედრო პირების ადვოკატები აცხადებენ, რომ სამხედრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით რეალური ინფორმაცია (რომ სერგო ჯაშიაშვილი სცემეს) თავიდანვე ჰქონდა.  

ნაცემი სამხედრო გორის ჰოსპიტალში მეორე თვეა უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

დღის ამბები