23 აპრილი 2024,   23:35
ვრცლად
სტიქია სოფელ კრწანისში - სპეციალისტები ადგილობრივებს ტერიტორიიდან გადასახლებას ურჩევენ 

მოვარდნილი ღვარცოფისგან განადგურებული კრწანისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. სოფელში უკვე მივიდა სპეც-ტექნიკა, რომელიც არხის გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.

რუსთავი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალთან მდებარე დასახლება ადიდებულმა წყალმა დატბორა. საჭირო გახდა ხალხის ევაკუაცია - დახოცილია შინაური ცხოველი და ფრინველი, განადგურებულია სახლები და ნათესები. ადგილობრივები მნიშვნელოვან ზარალზე საუბრობენ და მომხდარს რუსთავი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობას უკავშირებენ.

დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ წყლის დიდი ნაკადი ხევში მას შემდეგ დაგროვდა, რაც გზის მშენებლობა დაიწყო და კალაპოტს მიმართულება შეუცვალეს.

ადგილზე უკვე იმყოფებიან სპეციალისტები, მათი რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობამ მიმდებარე ტერიტორია დატოვოს, რადგან იქ ცხოვრება სახიფათოა.

„მოსახლეობა არის ჭალაში უფრო დაბალ დონეზე დასახლებული, დაბალი დონე რომ არის ვიდრე მდინარე ამიტომ ხდება აქ ასეთი რამ.

რისი კალაპოტი შეიცვალა?არაფერი შეცვლილა, არხი სადაც მიდიოდა იქ არის“-ამბობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინჟინერი თენგიზ გველესიანი.

ამ აზრს ადგილობრივი მოსახლეობა არ იზიარებს. ისინი ითხოვენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლები ისევ იმავე ადგილზე აღადგინონ.

ამ დროისთვის ზარალის ოდენობა დადგენილი არ არის. კომისია მუშაობას ხვალიდან დაიწყებს.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები