პროკურატურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტში იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებმა სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი ინიციატივა განიხილეს, რომელიც საპროკურორო საბჭოს არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, საბჭოში პროკურორების რაოდენობა ხუთამდე უნდა შემცირდეს.
გარდა ამისა სამოქალაქო სექტორის აზრით, დაუშვებელია საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობის პირები იყვნენ.
„ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები არ უნდა იყვნენ ამ საბჭოში იმიტომ, რომ ეფექტური კონტროლი განხორციელდეს. ფუნქციებიც დაემატება და ასევე პროკურორები არ უნდა იყვნენ უმრავლესობაში. იმიტომ, რომ ეს არის ჩაკეტილი სისტემა და ახალი კონსტიტუციის პირობებში, როდესაც პროკურატურა იქნება დამოუკიდებელი, ის არ იქნება დაქვემდებარებაში არც აღმასრულებელი ხელისუფლების, არც სასამართლო ხელისუფლების, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქაც არ დომინირებდნენ პროკურორები და მათ შორის პოლიტიკოსები,“-განაცხადა ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორმა ლაშა ტუღუშმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების განცხადებით, საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით, მსჯელობის შემდეგ შეჯერება მოხდება. ეკა ბესელიას თქმით, პროცესში ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც საპროკურორო საბჭოს დამოუკიდებლობას გულისხმობს, გასათვალისწინებელია.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეც. გიორგი გოგაძის განცხადებით, საპროკურორო საბჭოში პროკურორობის მონაწილეობის ხარისხი კომისიამ დადებითად შეაფასა. გოგაძე საპროკურორო საბჭოში პროკურორების რაოდენობის შემცირებას არ ემხრობა.
„ის სურვილი რომ პროკურორების რაოდენობა დავიყვანოთ ერთ მესამედზე საერთო რაოდენობასთან, არის დაუსაბუთებელი,“-აცხადებს გოგაძე.