19 აპრილი 2024,   18:49
ვრცლად
"მე არ მინდა, ვიყო დაპირისპირების პრეზიდენტი" - დავით ბაქრაძე

„თუ ქართული ოცნება მოახერხებს ამ საპრეზიდენტო არჩევნების მოგებს, საქართველო იქნება ისეთი ქვეყანა, როგორშიც მე, მაგალითად, ერთ დროს ვცხოვრობდი საბჭოთა კავშირში, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ერთი პარტიის ხელში,“ - ამის შესახებ განცხადება ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატმა გააკეთა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, კონსტიტუციის მიხედვით, ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ხალხი თავად აირჩევს პრეზიდენტს. მისი თქმით, ამ კონსტიტუციის შემთხვევაშიც კი არსებობს შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტმა საქართველო ღირსეულად წარმოადგინოს საერთაშორისო არენაზე.

დავით ბაქრაძემ განათლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ახალგაზრდების მთავარი ლობისტი უცხოურ ინსტიტუტებში.

„დღეს საქართველოსთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა კარგი განათლების მქონე ახალგაზრდებს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის ფონდის დიდი ნაწილი დაიხარჯება სწორედ ახალგაზრდების უცხოეთში სწავლა.

ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატმა ემიგრაციის პრობლემაზეც ისაუბრა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, რომ უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წასულ ადამიანებს საქართველოში დაბრუნების მოტივაცია გაუჩნდეთ. მანამდე კი, დავით ბაქრაძის თქმით, უნდა შეიქმნას შრომითი ბაზარი და ემიგრაციაში მყოფ საქათველოს მოქალაქეებს შეეძლოთ ლეგალური დასაქმება სხვა ქვეყნებში.

„სანამ არიან უცხოეთში, მივეხმაროთ, რომ მეტი ხელფასი ჰქონდეთ. ბევრი იმიტომ არის წასული, რომ ბანკის ვალი გადაიხადონ აქ. რაც უფრო მალე გადაიხდის ვალს, უფრო მალე დაბრუნდება საქართველოში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მართალია, ქვეყნის შიგნით პრეზიდენტის უფლებები შეზღუდულია, თუმცა, ქვეყნის პირველ პირს სჭირდება ძლიერი პოლიტიკური გუნდი და ასეთია ევროპული საქართველო პარლამენტში.

„რა თქმა უნდა, ევროპული საქართველო უმცირესობაშია პარლამენტში, თუმცა, შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მოვახერხეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგის დადება მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობაში ვართ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ და მაგალითისთვის ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია დაასახელა.

დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ის არ აპირებს პოლიტიკურ შურისძიებას, როგორც ეს გააკეთა 2012 წელს ქართულმა ოცნებამ.

„მე არ მინდა, ვიყო დაპირისპირების პრეზიდენტი. მე პოლიტიკურად ვებრძვი ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს. მე პოლიტიკურად ვებრძვი ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას, მაგრამ მე არ ვუპირისპირდები არც ერთ ადამიანს იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი. რომელიც არ დაყოფს ადამიანებს, რომელიც არ დაიწყებს ახალი შურისძიების ტალღას, როგორც ეს გააკეთა ქართულმა ოცნებამ 2012 წელში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

​ 

დღის ამბები