19 აპრილი 2024,   06:53
ვრცლად
ივანიშვილი ბანკების წინააღმდეგ - კვლევა, რომელიც მისი თქმით, დაუმალეს, ინტერნეტში ხელმისაწვდომია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კომერციულ ბანკებს მოსახლეობის გაღარიბებაში ადანაშაულებს. ბიძინა ივანიშვილი საბანკო სექტორს ღიად დაუპირისპირდა. ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ გიორგი კვირიკაშვილთან დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ჭარბვალიანობა იყო.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი და ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმისშვილი ბანკების ლობირებაში დაადანაშაულა. ივანიშვილის თქმით, მთავრობის მეთაური და მისი პირველი მოადგილე მას დოკუმენტებს უმალავდნენ.

დოკუმენტი, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. კვლევაში საქართველოს უკიდურეს სიღარიბეზეა საუბარი და ნათქვამია, რომ საქართველოს მოსახლეობის 17.3 პროცენტი ღარიბია. კვლევა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის თქმით მას დაუმალეს, ინტერნეტში ხელმისაწვდომია.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებებს ოპოზიცია გამოეხმაურა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ივანიშვილი ცდილობს, რომ ეკონომიკურ კრიზისსა და შეუსრულებელ დაპირებებზე პასუხისმგებლობა მთავრობის გაშვებულ წევრებს დააკისროს. საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ მთავრობის ვერც ერთი წევრი გადაწყვეტილებას ივანიშვილის გარეშე ვერ მიიღებდა.

რატომ დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ორ მსხვილ ბანკს, ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ამის მიზეზი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელია.

მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძემ შარშან ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძისგან "პროგრეს ბანკი" იყიდა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელი, სავარაუდოდ, ანაკლიის პორტის გამო გახდა.

ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ დაგროვებითი პენსიიდან სოლიდური თანხა კვირიკაშვილის მთავრობის გადაწყვეტილებით, „თიბისი"-სა და „საქართველოს ბანკში“ უნდა შევიდეს, შესაბამისად, თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა „ქართუ“.

ბანკებზე შეტევის კიდევ ერთ მიზეზზე საუბრობენ არასამთავრობოები, სპეციალისტების აზრით, ბიძინა ივანიშვილმა ბანკები მოახლოებული არჩევნების გამო გააკრიტიკა.  

ექსპერტებსა და ოპოზიციას მმართველი გუნდი არ ეთანხმება. „ქართული ოცნება“ ივანიშვილს ეთანხმება, რომ ქვეყანაში სიღარიბის მიზეზი ჭარბვალიანობაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები