24 აპრილი 2024,   13:53
ვრცლად
ხორავას ქუჩის ტრაგედია - საგამოძიებო კომისიის წევრები მკვლელობის თვითმხილველ ორ არასრულწლოვანს ხვდებიან

ამ წუთებში, ხორავას ქუჩის საქმეზე, საგამოძიებო კომისიის წევრები ორ არასრულწლოვანს ხვდებიან, რომლებმაც ძიების პროცესში ჩვენება შეცვალეს. კომისიის წევრები კონკრეტულად არ ასახელებენ იმ მოზარდების ვინაობას, რომელთა გამოკითხვაც ფსიქოლოგის თანდასწრებით მიმდინარეობს.

თუმცა კომისიის წევრები ადასტურებენ, რომ მოზარდები არიან უშუალოდ ინციდენტის თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც კომისიის ფარგლებში ერთხელ უკვე გამოიკითხნენ, თუმცა ამის შემდეგ მათ პოლიციაში დააზუსტეს წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომელსაც ახლა კომისიის წევრებთან აზუსტებენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები, რომლებიც ახლა იკითხებიან, არიან ინიციალებით, ლ.ს და გ.მ. 

ამ წუთებში კი კომისიის წევრები ამ მოზარდებისგან იღებენ ინფორმაციას.

„მანამ სანამ კონკრეტულ რეკომენდაციებზე გადავალთ, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მაგალითად ცრუ ჩვენებისთვის ვინმეს პასუხისგებაში მიცემას, გვინდა, რომ ყველას დეტალი დაზუსტდეს. ყველა არასრულწლოვანს კიდევ ერთხელ მიეცეს  შესაძლებლობა, რომ თქვან სიმართლე. ძალიან ბევრი დრო არის გასული შემთხვევიდან, მაგრამ დღესაც არის შესაძლებელი გარკვეული ფაქტების დაზუსტება და აღდგენა. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ მიუხედავად ამ დიდი დროისა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ დადგინდეს ის პირვანდელი სურათი, რომელიც გვქონდა,“-განაცხადა ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ.

ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ გამოკითხვისას, შეეცდებიან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი დეტალი დააზუსტონ​.

„გვექნება კითხვები იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი დეტალი დავაზუსტოთ და რაც მთავარია შევადაროთ მერე საბოლოო ჯამში ჩვენებებს, იმ მასალას, რომელიც არის მოცემული საქმეში და საბოლოო დასკვნების გაკეთებისთვის გვქონდეს რეალური საფუძველი,“-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ხორავას ქუჩის საქმეზე მთავარი პროკურორის ორი მოადგილე, თბილისის მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე დღეს გამოკითხეს. საგამოძიებო უწყების მაღალჩინოსნები საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ.

დღის ამბები