20 აპრილი 2024,   04:27
ვრცლად
ბრძოლა ხე-ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ - პრემიერი კანონდამრღვევებს პასუხისგებაში მიცემით ემუქრება, ოპოზიცია კი ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხე-ტყის არალეგალური ბიზნესის მფლობელებს ბოლო გაფრთხილება მისცა. მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პასუხისგებაში მისცემენ ყველას, ვინც ხე ტყის უკანონო ჭრით არის დაკავებული. ერთდროულად, საქართველოს 9 რეგიონში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დილის შვიდ საათზე 15-მდე პირი დააკავა.

ხის ოცამდე საამქროში სპეცოპერაციების პარალელურად, მთავრობამ დღეს ხე-ტყის უკანონო ჩეხვის აღსაკვეთად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დააანონსა. დღგ-სგან თავისუფლდება იმპორტირებული ხე-ტყე, რაც მის ღირებულებას ბაზარზე დაახლოებით, 18%-მდე გააიაფებს.

თუ იმპორტირებული ხის მასალა უფრო იაფი ეღირება, მთავრობა ვარაუდობს, რომ ეს ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნას შეამცირებს და ქვეყანაში უკანონო ჭრა შემცირდება. კონკრეტულად, რა ცვლილებები შევა კანონში, დღეს მთავრობის წევრებს არ განუმარტავთ. 

ოპოზიციის აზრით, ხელისუფლება ცვლილებებზე მოსახლეობისთვის თვალის ასახვევად ალაპარაკდა, რადგან ქვეყანაში ორმაგი სტანდარტი მუშაობს. მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტები კონკრეტულ ფაქტებს ასახელებენ და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ, წლების განმავლობაში 40 000 ხე მოჭრა და ამის ნებართვა პარტია „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარის კომპანიებს 5-ჯერ მთავრობამ მისცა.

ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში საქართველოში ხე-ტყის უკანონო ჭრის 679 ფაქტი გამოვლინდა, უკანონო ტრანსპორტირების კი 640. 124 შემთხვევაში ფაქტი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, სულ ამ ხნის განმავლობაში კი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ოდენობამ 6087 კუბური მეტრი შეადგინა.

დღის ამბები