19 აპრილი 2024,   07:58
ვრცლად
დადეშქელიანების საგვარეულო კოშკი შესაძლოა განადგურდეს - სოფელ ეცერის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

მე-17 საუკუნის დადეშქელიანების საგვარეულო კოშკი შესაძლოა განადგურდეს. მესტიის რაიონის სოფელი ეცერის მოსახლეობა წლებია ისტორიული ძეგლის რესტავრაციას ითხოვს.

რამდენიმე წლის წინ კოშკი მხოლოდ გარედან გაამაგრეს და გადახურეს. თუმცა, სარესტავრაციო სამუშაოები არ დაწყებულა. კოშკში შესვლა სახიფათოა, დანგრეულია საფეხურები, მორღვეულია გალავანი, რესტავრაცია არ ჩატარებულა საცხოვრებელი კომპლექსის სხვა ნაწილებშიც.

სოფელ ეცერში თავადმა დადეშქელიანებმა სვანეთში ყველაზე მაღალი 29-მეტრიანი კოშკი და უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი 3 საუკუნის წინ ააშენეს.

ეცერელებმა კომპლექსის აღდგენის მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს. თუმცა, უშედეგოდ. გამგებელი ამბობს, რომ უსახსრობის გამო ძეგლის რესტავრაცია ვერ ხდება.

რესტავრაციის გარეშე დარჩენილი ისტორიული ძეგლის გარდა, ეცერელებს საყოფაცხოვრებო პრობლემებიც აწუხებთ. სოფელში არ აქვთ სასმელი წყალი. ყოველდღიურად დასალევ წყალს მეზობელი სოფლიდან ეზიდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფელში ყოველწლიურად ასობით ტურისტი ჩადის, სოფელში არ არსებობს საზოგადოებრივი ტუალეტები.

სოფელ ეცერში საბავშვო ბაღის მშენებლობა დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ბავშვები ბაღის ახალ შენობაში სავარაუდოდ ვერც სექტემბერში მივლენ. სამუშაოები შეჩერებულია.

სოფელში არსებული ყველა პრობლემა იცის გამგებელმა, ვინც ამბობს, რომ წყალი ეცერში აუცილებლად იქნება. თუმცა, როდის ზუსტად არ იცის. გამგებლის წინასაარჩევნო პროგრამაში ყველა პრობლემა მოხვდა.

ეცერელები ამბობენ, რომ პრობლემების მოგვარებას წინასაარჩევნოდ ყოველთვის ჰპირდებიან და მუნიციპალიტეტი ამ პერიოდში სამუშაოებსაც იწყებს, თუმცა, გამარჯვების შემდეგ უსახსრობის მიზეზით, ისევ აჩერებს. 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი, ემა გოგოხია.

დღის ამბები