19 აპრილი 2024,   11:18
ვრცლად
ტაქსების რეგულაცია - საკრებულოს სხდომა კამათის ფონზე წარიმართა

„რატომ ჰგონია დედაქალაქის მთავრობას, რომ ტაქსისტი თუ 100 ლარს გადაიხდის ფარატინა ქაღალდში, ეს თურმე გახდის ევროპულს ტაქსს,“ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ტაქსების რეგულაციის წესის მიღებასთან დაკავშირებით გააკეთა.

საკრებულოს სხდომაზე დღეს ტაქსების რეგულაციის წესი დაამტკიცეს, რომლის მიხედვითაც ტაქსის ლიცენზიის აღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა პირველი აგვისტოდან მოუწევთ.

ლევან ხაბეიშვილის კითხვას მმართველი გუნდის წევრების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ლიცენზიის მინიჭების პრაქტიკა მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.

„კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ამოღებული 100 ლარით არ ხდება სისტემის დარეგულირება, ეს არის პირველი ნაბიჯი და ეს ჩვენ არ მოგვიგონია, ეს გაიარა უკვე მთელმა მსოფლიომ, არსებობს ძალიან ბევრი და უფრო ბევრად მკაცრი სისტემები,“ - განაცხადა მაია ბითაძემ.

ტაქსების რეგულაცია ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მძღოლი ვალდებულია, რომ ავტომობილის სახურავის შუა ნაწილზე ყვითელი მანიშნებელი ნიშანი განათავსოს. მეორე ეტაპი კი, რომელიც 2019 წლის ბოლოდან უნდა ამოქმედდეს, მანქანების ერთ ფერად გადაღებვას და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას შეეხება.

დღის ამბები