20 აპრილი 2024,   11:24
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნებისგან“ საბოლოო თანხმობას ელოდება და წინასაარჩევნო კამპანიის გეგმებს აწყობს

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნებისგან“ საბოლოო თანხმობას ელოდება და წინასაარჩევნო კამპანიის გეგმებს აწყობს. „კურიერის“ ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო მარათონისთვის PR ჯგუფებთან კონსულტაციები და საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა უკვე დაიწყო.

არაოფიციალურად, ზურაბიშვილის ის PR ჯგუფი ეხმარება, რომელიც “ქართული ოცნების” იმიჯზე ზრუნავს. ახალი პოლიტიკური რეალობის გამო ზურაბიშვილის ძველ საქმიანობას პრაქტიკულად გამოეთიშა, ის დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომას არ დასწრებია და არც პარლამენტში ყოფილა.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს უკვე შეხვდა და საბოლოდ შეთანხმდა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით და “ოცნების” მხარდაჭერით მიიღებს მონაწილეობას.

“ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდის დიდი ნაწილი ითხოვდა, რომ მმართველ პარტიას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა და რჩეული საპარლამენტო სიიდან შეერჩია, თუმცა საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის სიტყვამ გადაწონა.

“დემოკრატიობანას თამაშად” აფასებს ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის სვლას, მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ კანდიდატს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის ორ კანდიდატზე ფიქრობდა, სალომე ზურაბიშვილსა და თეა წულუკიანზე, თუმცა არჩევანი ზურაბიშვილზე გააკეთა. 

ექსპერტების თქმით, ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევდა, საფრანგეთთან მჭიდრო კავშირებია.

„ოცნებას“ სულ რამდენიმე დღე რჩება, რომ საკუთარი გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატზე გამოაცხადოს.

მინისტრთა კაბინეტის დიდი ნაწილი მომხრეა, მმართველმა პარტიამ დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი დაუჭიროს. პარტიაში ამბობენ, რომ კონსულტაციები უკვე დასკვნით ფაზაშია და გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომაზე გამოაცხადებენ.

ავტორი: თამთა ჯიქია, ნათია ჟამერაშვილი.

დღის ამბები