18 ივლისი 2019,   22:09
ვრცლად
არასწორი იქნება, რომ ქალბატონი ნინოს მოტივების კომენტირება გავაკეთო - პრეზიდენტი გვენეტაძის გადადგომასა და ე.წ. ციანიდის საქმის წარმოებაში არ მიღების შესაძლო კავშირზე

„პირველი დღიდან, როგორც კი მიმდინარეობდა ამ საქმის მოკვლევა, დარღვეული იქნა შეჯიბრობითობის პრინციპი,“ - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა კითხვის საპასუხოდ - შესაძლებელია თუ არა უკავშირდებოდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა ე.წ. ციანიდის საქმის წარმოებაში არ მიღების ფაქტს, თქვა, რომ კითხვებს ნინო გვენეტაძემ უნდა უპასუხოს. 

„მე ვერ მოგახსენებთ ქალბატონი ნინოს კავშირზე ან შეხედულებებზე ამ საკითხზე, მე ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით არასწორი იქნება, რომ მე ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილების ან მისი მოტივების კომენტირება გავაკეთო,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკუთარი პოზიცია პირველივე დღიდან ნათლად დააფიქსირა. 

„უმაღლესი თანამდებობის პირებმა რამდენიმე საათში, ფაქტობრივად, განაჩენი გამოაცხადეს, მაშინვე ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე რეაქცია,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ოპოზიციასა და მესამე სექტორში ნინო გვენეტაძის გადადგომასა და ე.წ. ციანიდის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას შორის კავშირს ხედავენ.

გუშინ, უზენაესმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე განხილვაზე უარი თქვა. დღეს კი ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა, რის მიზეზადაც ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები