19 აპრილი 2024,   13:41
ვრცლად
ფართო ჩართულობა გულისხმობს პარლამენტის ჩართულობასაც, - ნაცვლიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცედურაზე საუბრობს

„ფართო ჩართულობა გულისხმობს ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფის და ინსტიტუტის ჩართულობას, რაღა თქმა უნდა, პარლამენტის ჩართულობასაც,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით გააკეთა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტის მიერ თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებული კონსულტაციები პარლამენტის ჩართულობასაც გულისხმობს.

„ჩვენი მიზანი და სურვილი ამ პროცესში არის ის, რომ რაც შეიძლება ფართო ჩართულობით მოხდეს კანდიდატის შერჩევა და რა თქმა უნდა, ეს ფართო ჩართულობა გულისხმობს ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფის და ინსტიტუტის ჩართულობას, რაღა თქმა უნდა, პარლამენტის ჩართულობასაც. ეს არის ის ინსტიტუტი, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს და საპარლამენტო ეტაპი ვერ იქნება გამოტოვებული, ამას თავად კონსტიტუცია ამბობს, ამიტომ, არანაირად არ არის მოცემულობა ისეთი, რომ პარლამეტი იქნება ამ პროცესიდან გამოთიშული,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტისა და პარლამენტის გარდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის ეტაპში სხვა პროფესიონალებიც იქნებიან ჩართულები.

დღეს მმართველმა გუნდმა პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია გააკრიტიკა. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, პრეზიდენტი თავმჯდომარის შერჩევის ეტაპზე პარლამენტის როლს უგულებელყოფს.

მმართველი გუნდი ასევე სკეპტიკურად უყურებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ კონსულტაციების გავლის დაანონსებას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციურ უფლებამოსილებას სცდება.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევა დღის წესრიგში ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ დადგა.

მას შემდეგ, რაც გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს შეარჩევს, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა უკვე საკანონმდებლო ორგანოში დაიწყება.

უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.

დღის ამბები