24 აპრილი 2019,   14:59
ვრცლად
ხმაურიანი სხდომა - დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გახარიასა და შოთაძის გამოკითხვისას სუბელიანის გვარი ხშირად ისმოდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის გამოძიების მიზნით პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს დღეს შს მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი პასუხობდნენ.

მირზა სუბელიანის სახელი და გვარი დღევანდელ სხდომაზე ყველაზე ხშირად ისმოდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრები თავდაპირველად დაინტერესდნენ, იცნობდნენ თუ არა გახარია და შოთაძე პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს.

გამოძიებაზე სუბელიანის გავლენის სადემონსტრაციოდ საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღეს კალანდიების საცხოვრებელ სახლთან დამონტაჟებული კამერის ჩანაწერი გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ სუბელიანი ოქმში დაუდგენელ პირადაა მოხსენიებული. ამავე კითხვაზე რამდენიმე კვირის წინ კომისიის წევრებს გამომძიებლებმა უპასუხეს, რომ  მირზა სუბელიანს არ იცნობდნენ.

გამომძიებელ ირაკლი ფიფიას გამოკითხვის შემდეგ დეპუტატებმა მირზა სუბელიანის სატელეფონო საუბრების ამონაწერი მიიღეს, საიდანაც დგინდება, რომ დეკემბერში გამომძიებელი ფიფია და პროკურატურის მაღალჩინოსანი სუბელიანი ერთმანეთს ხშირად ურეკავდნენ.

იმის სადემონსტრაციოდ, რომ ტელეფონით საუბარი ნაცნობობას არ ნიშნავს, მამუკა მდინარაძემ სხდომაზე ექსპერიმენტი ჩაატარა.

საგამოძიებო კომისიის წევრებმა შოთაძეს და გახარიას დღეს ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე მათი საჯარო განცხადებები გაუხსენეს.

დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, რომ ირაკლი შოთაძეს მირზა სუბელიანს თანამდებობაზე დარჩენას ურჩევდა.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე ყველა მნიშვნელოვანი მოწმის გამოკითხვა საგამოძიებო კომისიამ დაასრულა. მომდევნო კვირიდან კომისიის წევრები მიღებული ინფორმაციის გადამუშავების და დასკვნის მომზადების ეტაპზე გადადიან. ოფიციალური დოკუმენტი მზად სექტემბრის დასაწყისში უნდა იყოს.

დღის ამბები