24 აპრილი 2024,   12:21
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმე - ყველაზე მცირე დრო, 4 წუთი, საგამოძიებო კომისიამ იუსტიციის მინისტრს დაუთმო

ხორავას ქუჩის საქმე - ყველაზე მცირე დრო საგამოძიებო კომისიამ იუსტიციის მინისტრს დაუთმო.

თეა წულუკიანის გამოკითხვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა და ოპოზიცია მხოლოდ ერთი კითხვით შემოიფარგლა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ოთარ კახიძემ მინისტრს მთავარი პროკურორის გადადგომის შემდეგ გაკეთებულ განცხადების განმარტება მოსთხოვა და სთხოვა დაეზუსტებინა, ისევ ფიქრობს თუ არა, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო. რაზეც წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.

განსაკუთრებულად მოკლე დროში დასრულებული გამოკითხვით დაბნეული დღეს არა მხოლოდ მინისტრი წულუკიანი იყო.

წულუკიანის შეფასებით, მასთან კითხვები კომისიის წევრებს არ ჰქონდათ და მინისტრი მისი გადადგომის მოთხოვნას პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განმარტა, თუ რატომ არ ჰქონდათ მინისტრთან ერთზე მეტი კითხვა. კაპანაძის თქმით, მთავარი პროკურორის გადადგომის შემდეგ ხორავას საქმეში ბევრი ახალი გარემოება გამოიკვეთა. მათ კითხვაზე საპასუხოდ, კი, კაპანაძის თქმით, თეა წულუკიანმა მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო.

საპარლამენტო უმრავლესობა კი ოპოზიციას სპექტაკლის დადგმის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებენ, რომ წულუკიანთან კითხვები იქნებოდა, თუ „დადგმული სპექტაკლი გამოუვიდოდათ.“

დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თეა წულუკიანის გარდა, საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ უპასუხეს.

დღის ამბები