20 აპრილი 2019,   15:37
ვრცლად
"ქალები მავთულხლართების პირისპირ" - ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

"ქალები მავთულხლართების პირისპირ"- ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს რომლის ჩვენება დღეს ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმში გაიმართა. ფილმი 6 ქალზე მოგვითხრობს, რომლებიც საზღვრისპირა სოფლებში ცხოვრობენ.

ადგილზე იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი.

„სახელმწიფო, არა მხოლოდ გააგრძელებს არამედ სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანს მავთულხლართების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის პროგრამას. სულ მალე, ჩვენ განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას წარვადგენთ, რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო გააქტიურდება ჩვენი საქმიანობა ამ სოფლებში,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრთან ერთად, პრეზენტაციას შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდა, რომელმაც მედიასთან საუბარში ყურადღება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქალთა უფლებებზე გააკეთა. ელიზაბეტ რუთმა რუსეთს სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულებისაკენ მოუწოდა.

„აშშ-ის პოზიცია მკაფიოა - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ასევე, მხარს ვუჭერთ ინიციატივებს იმ ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, რომლებიც ომით დაზარალდნენ. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დააბრუნოს ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება,“ - განაცხადა ელიზაბეთ რუდიმ.

 

 

დღის ამბები