09 დეკემბერი 2019,   17:06
ვრცლად
სოფელ დიცში შსს-ს ბაზაზე 43 წლის სპეცრაზმელის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის ოჯახს არ სჯერა

გორის რაიონის სოფელ დიცში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე 43 წლის სპეცრაზმელის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის ოჯახს არ სჯერა.

ოფიციალური ვერსიით, 43 წლის სპეცრაზმელმა, ნუგზარ ბარიშვილმა, თავი საკუთარი M4-ის მოდელის ავტომატით მოიკლა. ნატყვიარმა მუცლის არეში ჯერ ღვიძლი, შემდეგ კი შინაგანი ორგანოები დააზიანა, ძლიერი სისხლდენით ჯარისკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სპეცრაზმელის ოჯახში გამოძიების ვერსიას არ ენდობიან. შვილმკვდარი დედა, მარინე ნიკორაშვილი, დარწმუნებულია, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს.

ოჯახის ვერსიით, ბაზაზე უბედური შემთხვევა მოხდა და ნუგზარ ბარიშვილი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. მარინე ნიკორაშვილი ამბობს, რომ შს სამინისტრო ამ ამბის დამალვას ცდილობს.

მარინე ნიკორაშვილი ამბობს, რომ საქმის მასალები და 8 მაისის მოვლენები ერთმანეთს არ ემთხვევა. ბაზაზე მისულმა ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი შემთხვევის ადგილზე დაყრილი ნახა, საქმის მასალებით, ნივთების მდებარეობა შეცვლილია.

ოჯახი ეჭვობს, რომ იარაღი, რომლითაც ბარიშვილი დაიღუპა, სხვას ეკუთვნოდა, რადგან ტრაგედიიდან სამი თვის შემდეგ უცნობია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა.

ოჯახის მტკიცებით, ექსპერტებმა დასკვნაში არ ასახეს, რომ გარდაცვლილ ჯარისკაცს დაბეჟილობა და სისხლჩაქცევები ჰქონდა, რაც აჩენს განცდას, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო.

გამჭვირვალე გამოძიებისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახმა უკვე მიმართა პროკურატურას.

ნუგზარ ბარიშვილის სამი შვილი ჰყავდა. ბავშვებს მამის დაღუპვის შემდეგ სახელმწიფო შემწეობის სახით 100-ლარიანი პენსია დაენიშნათ. დღეს ეს არის ოჯახის ერთადერთი შემოსავალი. 

დღის ამბები