25 აპრილი 2024,   10:00
ვრცლად
კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

სალომე ზურაბიშვილმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ საარჩევნო მარათონში ერთვება.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა პრესკონფერენცია იმის ახსნით დაიწყო, რატომ დააგვიანდა პოლიტიკური განაცხადის გაკეთება. პრეზიდენტობის საარჩევნო კამპანიაში მოგვიანებით ჩართვა ზურაბიშვილმა შვილის ქორწილით ახსნა.

პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში პირველივე ბრიფინგი სკანდალური აღმოჩნდა. სალომე ზურაბიშვილმა დღეს უკვე ახალი სტატუსით გაიმეორა ის, რასაც წლების განმავლობაში ამბობდა - 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ზურაბიშვილმა ქართული მხარე დაადანაშაულა.

აგვისტოს ომის თემაზე დღეს ზურაბიშვილს მეტი აღარ უსაუბრია და პირობა დადო, რომ დროს რუსულ ოკუპაციაზე სალაპარაკოდ ხვალ გამოყოფს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა, რომელიც ამტკიცებს, რომ არა ქართული ოცნების, არამედ საკუთარი ძალებით გამარჯვების იმედი აქვს, ჯერ არ იცის, ვინ ივლის მასთან რეგიონებში საარჩევნო კამპანიის დროს და ვინ უნდა დააფინანსოს ძვირადღირებული საარჩევნო კამპანია, რომელიც, როგორც წესი, რამდენიმე მილიონი ჯდება.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს მხოლოდ ზოგადად თქვა, ვინ იქნება მის გუნდში. ამბობს, რომ მოლაპარაკებები ჯერ მხოლოდ საკუთარ თავთან ჰქონდა, უახლოეს მომავალში კი მის გვერდით დგომას ყველა იმ პოლიტიკოსს შესთავაზებს, ვინც 13 წლის წინ ოპოზიციაში წასულ ზურაბიშვილთან იპოდრომის აქციაზე იდგა.

ის, რომ სალომე ზურაბიშვილი მხარდაჭერაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ელოდება, ეს მთელ რიგ საკითხებზე მისი თავშეკავებული განცხადებიდანაც ჩანდა. 

სალომე ზურაბიშვილის დღეს ფრთხილი იყო ყველა იმ განცხადებაში, რომელსაც შიდა პოლიტიკაზე აკეთებდა. ერთადერთი სითამამე მან აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოიჩინა.

ითხვაზე - ფიქრობს თუ არა, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, როგორც ამას ათი წლის წინ წერდა, დღეს პრეზიდენტობის კანდიდატს რადიკალურად განსხვავებული პასუხი ჰქონდა. თქვა, რომ გადაიფიქრა და ივანიშვილის როლიც გადააფასა.

სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად მომავალი კვირიდან დაიწყებს.  

დღის ამბები