17 ივნისი 2019,   17:45
ვრცლად
სპეცოპერაცია საბერძნეთში და ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ქალი - ელჩი განმარტებებს აკეთებს

ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით საბერძნეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის შესახებ საელჩო უკვე ინფორმირებულია. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთში, იოსებ ნანობაშვილი, აცხადებს, რომ მას არ აქვს უფლება, გასცეს პერსონალური ინფორმაცია, თუმცა, ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეს ბრალი უმძიმეს დანაშაულში ედება.

„ინფორმაცია შემოსულია. პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავცემ. შეხვედრა არ არის იმიტომ, რომ ეს არის სამართალდამცავების მიერ წარმოებული პროცესი და ისინი თავად გვეტყვიან, ჩვენი ჩართვა რაში დასჭირდებათ. ინფორმაცია ამ ოპერაციის შესახებ, ის, რაც ამ ეტაპისთვის შეიძლება, გაჟღერებული იყო, დევს საბერძნეთის პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე,“ -განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ათენის ერთ-ერთ გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებმა კონტაქტი დაამყარეს 40 წლის ქართველ ქალთან, რომელმაც პოლიციის ფარულ აგენტებს 18 000 ევროდ ახალშობილის ყიდვაში დაეხმარა.

ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით სულ 9 პირია დაკავებული. მათგან უმეტესი ბულგარელია.

გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფი უკანონო საქმიანობით, სულ მცირე, 1 წლის განმავლობაში იყო დაკავებული.

მომხდარის შესახებ არაფერი იციან დაკავებული საქართველოს მოქალაქის მეზობლებმა. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ 40 წლის ქალი 11 წელია, რაც საბერძნეთშია წასული და მათი ინფორმაციით, ის საავადმყოფოში მუშაობდა. 

დღის ამბები