19 აპრილი 2024,   16:32
ვრცლად
ოკუპაცია და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა - რუსეთი უკვე 10 წელია, შეთანხმებას ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით არ ასრულებს

ოკუპაციასთან ერთად რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებებსაც არღვევს - 2008 წლის 12 აგვისტოდან დღემდე კრემლი არ ასრულებს ექვსპუნქტიანი შეთანხმების მთავარ ნაწილს.

ევროკავშირის და უშუალოდ საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის, შუამავლობით შედგენილი დოკუმენტი სამხედრო ძლების კონფლიქტამდე პოზიციებზე დაბრუნებას ითვალისწინებდა.

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ბათუ ქუთელია, დარწმუნებულია, რომ რუსეთს ე.წ. 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება მაინც მოუწევს.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აიღო ვალდებულება, რომ ჯარებს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნებდა, თუმცა, სააკაშვილის-სარკოზი-მედვედევის შეთანხმების მეხუთე პუნქტი ისევ შეუსრულებელია.

უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ვითარებიდან გამოსავალი საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის ხელშია, რუსეთი იზოლაციაში მოაქციონ და კანონის ჩარჩოებში დაბრუნება აიძულონ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სიხარულიძე, ფიქრობს, რომ მოქმედი ხელისუფლება არ აკეთებს მაქსიმუმს, რუსეთს 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება აიძულოს.

პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც 2008 წელს ქვეყნის საგარეო გუნდს წარმოადგენდნენ, ამბობენ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება გაცილებით მომგებიან ვითარებაშია.

ხელისუფლების საგარეო გუნდში აცხადებენ, რომ 10 წელია, 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების მხრივ რუსეთთან წინსვლა არ არის. თუმცა, მოქმედი ხელისუფლება ცივილური მსოფლიოს მობილიზაციისთვის მაქსიმუმს აკეთებს და ოკუპანტის წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს.

6-პუნქტიანი შეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის, შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა. 

დღის ამბები