15 ოქტომბერი 2018,   22:24
ვრცლად
თქვენთან ერთად ვგლოვობ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს ექიმებს, რომლებიც შეეწირნენ ტრაგიკულ დღეებს - გიორგი მარგველაშვილი 

რუსეთის სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სენაკში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადას ეწვია.

შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი და სამხედრო მოსამსახურეებმა ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს. გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და განსაკუთრებით აღნიშნა ქართული შეიარაღებული ძალების ღვაწლი და სიმტკიცე ქვეყნის ინტერესების ღირსეულად დაცვის საქმეში.

„დღეს თქვენ აქ დგახართ ბევრად უკეთ შეიარაღებულები, ბევრად უკეთესი ცოდნით და ბევრად უფრო ძლიერი სახელმწიფო გიმაგრებთ ზურგს. თქვენ გვერდით დგას და თქვენი მოკავშირეა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო გაერთიანება. თქვენი ქვეყნის მოკავშირეები არიან ქვეყნები, რომლებიც ყველაზე ძლიერ ეკონომიკურ ბლოკს წარმოადგენენ თანამედროვე მსოფლიოსი და ბუნებრივია ის ვალი, ის ფიცი, რომელიც თქვენი სამშობლოს წინაშე დადეთ, თქვენც ამ ფიცს შეასრულებთ და დაიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.
დღესაც და საუკუნეების წინაშე იდგა ქართველი კაცის წინაშე მარტივი არჩევანი, ან ყოფილიყო მონა ან ყოფილიყო ვიღაცის მსახური, ან ელოცა იმ ენაზე რასაც ეტყოდნენ, ან ელოცა იმ ღმერთისთვის, რომელსაც ეტყოდნენ და ან ეცხოვრა ისეთი წესით, რომელსაც დაავალებდნენ, თავისი ლუკმა გაეყო და მიეცა დამპყრობლისთვის ხარკის სახით ან ყოფილიყო დამოუკიდებელი. ამ არჩევანზე არ დაუსვია კითხვის ნიშანი არც ჩვენს წინაპრებს, არც ჩვენი თაობა და არც მომავალი თაობა დასვამს ამ კითხვის ნიშანს.
ასე რომ სულელი, ურწმუნო და ლაჩარია ის ადამიანი, რომელსაც არ აქვს იმედი, რომ ამ სიმტკიცით, რომლითაც დღეს თქვენ აქ დგახართ, ამ სიმტკიცით, რომელსაც ზურგს უმაგრებს საუკუნეები და გამარჯვება ჩვენი წინაპრებისა, ჩვენი საქართველო არ გამთლიანდება და კი ჩვენზე ძლიერი იმპერია, კი ჩვენზე ბევრად უფრო შეიარაღებული იმპერია არ დაიმსხვრევა ისე, როგორც დაიმსხვრა სხვა იმპერიები და როგორც დაიმსხვრა სხვა ჯარი და სხვა რწმენა, ჩვენი სიძლიერის წინაშე საუკუნეების განმავლობაში.
დღეს მე თქვენთან ერთად ვდგავარ და ვგლოვობ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს ექიმებს, რომლებიც შეეწირნენ იმ ტრაგიკულ დღეებს, მაგრამ აქ თქვენთან ერთად ვდგავარ და მე ვხედავ იმ გამარჯვებას, რომელსაც თქვენი რწმენა და სიმტკიცე მიაღწევს. ამ რწმენით თქვენ ეუფლებით საბრძოლო ხელოვნებას, ითვისებთ ახალ ტექნიკას, მონაწილეობთ ნატოსა და ჩვენი მოკავშირეების მანევრებში და წვრთნებში, თქვენ მონაწილეობთ სამშვიდობო მისიებში, თქვენ მაღლა აწიეთ საქართველოს დროშა და ამ დროშას მარტო გამარჯვებები უწერია. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ღმერთი ფარავდეს საქართველოს,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები