23 აპრილი 2024,   11:42
ვრცლად
კორცხელის ინციდენტი და ნაცემი ოპოზიციის წევრები - სასტიკი ანგარიშსწორებიდან 2 წლის შემდეგ სასამართლო მხოლოდ ჯარიმით კმაყოფილდება

კორცხელის ინციდენტი და ნაცემი ოპოზიციის წევრები, მათ შორის პარლამენტის დეპუტატი -სასამართლომ თავდამსხმელებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დააკისრა.

ორ წლიანი განხილვების შემდეგ მოსამართლემ 5 ადამიანი ბრალდებულად სცნო, თუმცა მათ 3 დან 7 ათას ლარამდე ჯარიმა დააკისრა. თავდაპირველად პროკურატურა, კორცხელის ინციდენტის მონაწილეებს ხულიგნობას ედავებოდა, თუმცა მოგვიანებით მძიმე მუხლი მსუბუქით შეუცვალა და სასამართლომაც არასაპატიმრო სასჯელი დააკისრა.

ოპოზიციაში განაჩენი არ გაჰკვირვებიათ. ენმ-ს წევრი ნიკა მელია, რომელსაც მმართველი პარტიის მხარდამჭერი სპორტსმენები სასტიკად გაუსწორდნენ ამბობს, რომ განაჩენი არ გაჰკვირვებია. მისი თქმით, ამ ჯგუფს პირდაპირი დაკვეთა ხელისუფლებისგან ჰქონდა.

კახა კალაძე, რომელიც იმ დროისთვის ვიცე-პრემიერი და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, აცხადებს, რომ არც ბრალდებულებს იცნობს და არც განაჩენის შესახებ იცის რამე. არა და სწორედ კალაძე იყო მთავარი ფიგურა, ვისაც ოპოზიცია კორცხელის ინციდენტის ორგანიზებას უკავშირებდა. ამ საკითხზე ოპოზიციამ მაშინ გამოძიების დაწყებაც მოითხოვა თუმცა უშედეგოდ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ ინციდენტიდან რამდენიმე თვეში ჩხუბის მონაწილე სპორტსმენები ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში დაინიშნენ, გიორგი იანტბელიძე, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში მთავარ მწვრთნელად აირჩიეს, ვლადიმერ გეგეშიძის ძმა კი გეგა გეგეშიძე საერთოდ ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ოპოზიცია ხმაურიან დაპირისპირებაზე დამდგარ განაჩენს განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში გამოშვებულ საშიშ სიგნალად მიიჩნევს.

 

 

  

ამავე თემაზე
დღის ამბები