25 აპრილი 2024,   11:37
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა - პრეზიდენტის სასახლეში მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პრეზიდენტის სასახლეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.

პრეზიდენტის მრჩევლებს სამოქალაქო სექტორი შეხვდა. კონსულტაციებში იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც წლების განმავლობაში სწავლობენ და აკვირდებიან მართლმსაჯულების პრობლემას.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კონსულტაციებში მონაწილე მხარეები აცხადებდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ უნდა შეძლოს, რომ სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ სასამართლო ხელისუფლება კლანების მიერ იმართება. მშვენიერაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე არ იყო იმდენად პრინციპული, რომ რეალური ცვლილებები მოეტანა სასამართლოში.

„რაც შეეხება ახალ კანდიდატს, ჩვენ ალბათ, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ წინა გამოცდილება, რომელიც იყო ქალბატონი გვენეტაძის შერჩევის დროს და რომელიც დაგროვდა ქალბატონი გვენეტაძის შერჩევის დროს და სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე უნდა შევარჩიოთ კანდიდატი, რომელსაც ნაკლები შანსი ექნება, რომ იმავე სიტუაციაში მოუწიოს ყოფნა, რაშიც მოუწია ქალბატონ გვენეტაძეს,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

გიორგი მშვენიერაძემ ასევე, აღნიშნა, რომ პროფესიულ წრეებში უჭირთ სათანადო კადრის მონახვა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული გვენეტაძის სტრატეგიის შეცვლას უკავშირებს ტესტების საქმეს.

„ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავმჯდომარე ვერ იქნება სასამართლოდ დირექტორი, ვერ იქნება მოსამართლეების უფროსი, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მომავალ თავმჯდომარეს, რომელიც მოსამართლესთან ერთად არის ამ სისტემის წარმომადგენელი,“ - განაცხადა ვერძეულმა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე იმ შეცდომებზეც ისაუბრეს, რომელიც ნინო გვენეტაძემ დაუშვა.

არასამთავრობო სექტორი შეეცდება, რომ შეჯერდეს კონკრეტულ პირზე და წარუდგინოს პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.

პრეზიდენტი კი კონსულტაციებს განაგრძობს და დაგეგმილია შეხვედრები ადვოკატთა ასოციაციასთან და სახალხო დამცველთან შეხვედრა, ასევე, პოლიტიკოსებთან.

დღის ამბები