19 აპრილი 2024,   02:43
ვრცლად
მთავრობის წევრების თქმით, დაუჭერენ თუ არა მხარს არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს, მისი პროგრამის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე განმარტებები დღეს მთავრობის წევრებმაც გააკეთეს.

მინისტრები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის პროგრამას მოისმენენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე ომს არ იწყებს.

"რაც შეეხება მხარდაჭერას, განვსაზღვრავთ მას შემდეგ, რაც მოვისმენთ მის ხედვას და მის პროგრამას," - განაცხადა სერგეენკომ.

რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ოკუპაციაზე საუბრობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია და მმართველ გუნდს მისთვის ჯერ მხარდაჭერა არ გამოუცხადებია.

რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აგრესიასა და შედეგებზე სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა.

ციხელაშვილის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატი მმართველ გუნდს არ დაუსახელებია და სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა.

დღის ამბები