25 აპრილი 2024,   15:46
ვრცლად
ძალადობა თურქეთის მოქალაქეზე და თანხის გამოძალვა - დაკავებულია ორი პირი 

მუქარა, ცემა და გამოძალვა - თურქეთის მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის გამო სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. ძებნაშია კიდევ ერთი პირი, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, შ.დ. საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ბათუმში, ნაქირავებ ბინაში წაიყვანეს, სადაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბრალდებულები სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების, ასევე, ძალადობის გამოყენების მუქარითა და ძალადობით შ.დ.-სგან დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ.

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ მათ 10 000 ლირა გადასცა. გამომძალველებმა დაზარალებულისა და მისი მეუღლის კუთვნილი პლასტიკური ბარათებიდან 1 500 ლარიც მიითვისეს, რის შემდეგაც შ.დ. სარფში დატოვეს, რათა მას საქართველო დაეტოვებინა.

გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

დღის ამბები