24 აპრილი 2024,   21:45
ვრცლად
არაგვის ხეობა მორიგი სტიქიის მოლოდინშია - ზემო მლეთაში ისევ წვიმს

არაგვის ხეობა მორიგი სტიქიის მოლოდინშია - ზემო მლეთაში ისევ წვიმს. ამ წუთებში ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. სპეციალისტები მდინარის კალაპოტის შეცვლას ცდილობენ. დატბორვის საფრთხის მიუხედავად ადგილობრივები სახლების დატოვებაზე უარს ამბობენ. მლეთაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ის ჯებირები, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ დაამონტაჟა დაზიანებულია რადგან სამუშაოები არაკვალიფიციურად ჩატარდა.

„ღამის სამ საათზე გადავარდა. გაზაფხულზე გადაიხარა, გავაფრთხილეთ, რომ გადაიხარა და გვიშველეთ რამე. აიღეს ფულები, ჩაიდეს ჯიბეში და წავიდნენ. ჩვენ ყოველი წვიმის დროს ასეთ დღეში ვართ,“-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ საშიშროება წყლის სახლებში შევარდნის ყოველ წუთს არსებობს. ამიტომ ისინი სხვა ადგილზე გადასახლებას ითხოვენ. მოსახლეობა იხსენებს, რომ  ერთ-ერთი ასეთის სტიქიის დროს მდინარემ სამი წლის გოგონა გაიტაცა.

„რამდენიმე წლის წინ მოხდა კიდეც, ხევი ჩამოვიდა დატბორა და საფრთხე შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. ღამეს ვათენებთ ხოლმე რომ სახლში არ შევარდეს რიგრიგობით. პატარა ბავშვები არიან რომლებიც გვეშინია, რომ წყალმა არ წაგვართვას,“-აცხადებენ მლეთაში. 

მლეთაში მოსახლეობის დატბორვის საშიშროება წუხელ მთელი ღამე იდგა, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა, თუმცა ადგილობრივებმა მაშინაც სახლების დატოვებაზე უარი განაცხადეს.

დღის ამბები