20 აპრილი 2024,   06:35
ვრცლად
ხელისუფლება ლარის რეკორდული სისწრაფით გაუფასურებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს

ხელისუფლება ლარის რეკორდული სისწრაფით გაუფასურებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. საქართველოს მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ეკონომიკაში ნეგატიური ფაქტორები არ მომხდარა და შესაბამისად, ლარის გაუფასურება ამას არ უკავშირდება.

მთავრობაში ამბობენ, რომ ზოგადად, რეგიონში შექმნილი ვითარება ახდენს საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე გავლენას, მათ შორის, თურქეთში ლირის გაუფასურება, ხოლო რუსეთში რუბლის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძე აცხადებს, რომ დღეს არსებული მდგომარეობით ლარი სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ის ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ლარის გრძელვადიან კურს განაპირობებს, იძლევა სრულ საფუძველს იმისა, რომ ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნოს. აღსანიშნავია, ის დადებითი მომენტები, რომელიც გვაქვს ჩვენ ეკონომიკაში, ეს არის მაღალი ეკონომიკური ზრდა, როგორც მოგეხსენებათ წლიური ზრდა განვლილ 6 თვეში შეადგენს 5.7 პროცენტს, ხოლო მეორე კვარტალში 6 პროცენტიანი ზრდა გვქონდა. ამასთან მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ექსპორტში, ტურიზმში,“ - განაცხადა მიქაბაძემ. 

ლარის ღირებულება ორ დღეში თითქმის 7 პუნქტით დაეცა. სავალუტო ჯიხურებში ამ დროისთვის ერთი დოლარი 2.56 ლარი ღირს.

გაცილებით მაღალია დოლარის კურსი ლართან მიმართებაში კომერციულ ბანკებში. ერთი დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.62 ლარს აღწევს.

ლარი უფასურდება საერთაშორისო ბირჟებზეც. დღეს დილით ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ბლუმბერგის მონაცემებით 2.48 ლარი იყო, ამ დროის მონაცემებით კი 2.54-ია.

ამავე თემაზე
დღის ამბები