21 აგვისტო 2018,   14:03
ვრცლად
ექსპერტები მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურებას რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებას უკავშირებენ

ლარის რეკორდული სისწრაფით გაუფასურება - ეკონომიკური სფეროს ექსპერტები მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურებას რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებას უკავშირებენ.

მათი თქმით, კვირის დასაწყისიდან თურქული ლირა არის საგრძნობლად გაუფასურებული. თუმცა, ექსპერტები ხელისუფლებას სამოქმედო გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებენ, რათა ლარის უფრო მეტად გაუფასურება თავიდან აიცილონ.

„ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში დაწყებულია მათი ვალუტების გაუფასურების პერიოდი, საკმაოდ აქტიური, მათ შორის, თურქული ლირს და რუსული რუბლის, ასევე,  ირანული რეალის, რაც ადეკვატურად აისახება თავისთავად ქართულ ლარზე... დოლარიზაციის მაღალი დონის გამო საქართველოში ლარის კურსის გაუფასურება დოლართან მყისიერად აისახება მსესხებლების ჯიბეზე, რომლებსაც, ვთქვათ ყოველ ას დოლარზე, დღეს, მაგალითად, დილიდან საღამომდე, 10 ლარით გაუძვირდათ სესხი,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ.

ლარის ღირებულება ორ დღეში თითქმის 7 პუნქტით დაეცა. სავალუტო ჯიხურებში ამ დროისთვის ერთი დოლარი 2.56 ლარი ღირს.

გაცილებით მაღალია დოლარის კურსი ლართან მიმართებაში კომერციულ ბანკებში. ერთი დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.62 ლარს აღწევს.

ლარი უფასურდება საერთაშორისო ბირჟებზეც. დღეს დილით ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ბლუმბერგის მონაცემებით 2.48 ლარი იყო, ამ დროის მონაცემებით კი 2.54-ია.

ამავე თემაზე
დღის ამბები