21 აგვისტო 2018,   13:59
ვრცლად
„ღირსეული პარტნიორი 2018“ - ვაზიანში საინჟინრო და მექანიზებული ქვედანაყოფების კომბინირებული სწავლება გაიმართა 

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში საბრძოლო სროლებით, ვაზიანის მეხუთე სასროლეთზე საინჟინრო და მექანიზებული ქვედანაყოფების კომბინირებული სწავლება გაიმართა.

სწავლებაში ქართველი და ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ. წვრთნის პირველ ეტაპზე სიმაღლეზე გამაგრებულმა ქვედანაყოფებმა თავდაცვითი ამოცანები შეასრულეს. მომდევნო ეტაპზე კი კონტრიერიში განხორციელდა, რა დროსაც ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა საინჟინრო დაბრკოლებები გადალახეს.

სწავლებაში ჩართული იყო მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ჯავშანტექნიკა და აშშ-ის II საკავალერიო პოლკის საბრძოლო ჯავშანმანქანები „სტრაიკერები“.

ქვედანაყოფებმა კომბინირებული დაბრკოლებების გადალახვისას სხვადასხვა ტიპის მოწყობილობები გამოიყენეს.

აშშ-ის II საკავალერიო პოლკის ჯარისკაცებმა მავთულხლართები და სხვა სახის დაბრკოლებები ე.წ. ბანგალური ტორპედოებით დახმარებით გაარღვიეს. ქართულმა ქვედანაყოფებმა კი ამოცანის შესასრულებლად სპეციალური მანქანა IMR2 გამოიყენეს.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. 

დღის ამბები