19 აპრილი 2024,   06:05
ვრცლად
აშშ-ის ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს - ზუსტად 10 წლის წინანდელ მოვლენებს მიხეილ სააკაშვილი იხსენებს

შეერთებული შტატების ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს - ზუსტად 10 წლის წინანდელ მოვლენებს მიხეილ სააკაშვილი იხსენებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, სწორედ 12 აგვისტოს გამოუცხადა თბილისს ვაშინგტონმა უპრეცენდენტო მხარდაჭერა, რამაც საბოლოოდ მოვლენების შემდგომი განვითარება განსაზღვრა. 

აქვე, მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ საუბრობს საქართველოში პუტინის იდეოლოგიის გატარების მცდელობაზე და ბიძინა ივანიშვილსა და სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მოღალატეებად მოიხსენიებს.

„დღეს 12 აგვისტოა, 10 წლის წინ, 12 აგვისტოს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაიყენა გვერდზე თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო მდივანი, ვიცე-პრეზიდენტი, უსაფრთხოების უშიშროების საბჭოს მდივანი ამერიკის და გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად სამხედრო ჰუმანიტარული ოპერაცია. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის. არასდროს ასეთი ძლიერი მხარდაჭერა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოსი არ ჰქონია საქართველოს დამოუკიდებლობას მთელი ისტორიის განმავლობაში. ამას წინ უძღვოდა შვიდი ევროპული ლიდერის ჩამოსვლა თბილისში, მათ შორის გამოსვლა ხალხთან მიტინგზე. რა თქმა უნდა, სამხედრო ჰუმანიტარული ოპერაცია არ იყო წყლის ჩამოტანა. როგორც მერე ვიცე-პრეზიდენტმა ჩეინიმ მითხრა, რომელიც ჩამოვიდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, წყალი არ ჩამოგვიტანია ჩვენი სარაკეტო ხომალდებითო. მათ ჩამოიტანეს რაკეტები ამ რაკეტებმა, ისევე როგორც ჰაერში აფრენილმა ამერიკულმა თვითმფრინავებმა, შეაჩერეს რუსული ჯარი თბილისის მისადგომებთან. შეაჩერეს მას შემდეგ, რაც ქართულმა არმიამ გმირული წინააღმდეგობით მოიგო დრო, მას შემდეგ რაც ხალხი გამოვიდა ქუჩაში, მას შემდეგ რაც ჩვენი მთავრობა არა მხოლოდ ვერ ჩამოშალეს, არამედ საათივით ფუნქციონირებდა. საქართველო გადარჩა და ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარება გაგრძელდა. რუსეთი ამ მომენტში შეჩერდა. მე ამას ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ მთელი ეს წლები მიდიოდა დავა, რა იყო ეს ყველაფერი და რუსეთი ძალიან ბევრს აკეთებდა, რომ იდეოლოგიური ომი ჩვენთვის მოეგო. 10 წლის თავზე გამოჩნდა სტატია კონდოლიზა რაისის, ძალიან ბევრი სტატია "ვაშინგტონ პოსტში", წამყვან ევროპულ და ამერიკულ გაზეთებში, ჩემი სტატია გამოვიდა „ვოლ სტრიტ ჯორნალში“ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. აღიარეს ამერიკელებმაც მათ შორის, რომ ეს იყო ზუსტად ისეთი ოპერაცია, როგორც ყირიმში, მწვანე ადამიანები გამოაგზავნა რუსეთმა, რუსეთმა ომი დაიწყო ბერვად ადრე, ვიდრე 8 აგვისტოს, როგორც ივანიშვილის ხალხი ამბობს, 7 აგვისტო იყო ოფიციალური დასაწყისი, მაგრამ ბევრად ადრე დაიწყო. რამდენიმე დღით ადრე, როგორც მინიმუმ. ყველაფერი დადგა თავის ადგილზე. ჩვენ როგორც იქნა მოვიგეთ ეს იდეოლოგიური ბრძოლაც. ამ ყველაფრის ფონზე, ახლა ივანიშვილმა დააყენა საპრეზიდენტო კანდიდატად ქალი, რომელიც არის საქართველოს ღია მტერი, ქალი რომელიც ერთი ერთზე იმეორებს რუსულ პროპაგანდას. ქალი, რომლის არჩევის დაშვებაც კი არ მინდა, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ საბოლოო გამარჯვება დარჩება პუტინს. ქართველების ხელით საბოლოოდ უნდა დაასამარონ ქართული სახელმწიფოებრიობა. ამიტომ, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩვენ არ დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას საქართველოში. ჩვენ ყველამ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ გვყავს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი სათაყვანებელი საქართველო და არავის არ უნდა დავამცირებინოთ იგი და არავის არ უნდა გავაფარჩაკებინოთ და საბოლოოდ მივაყვანინოთ სამარის კარამდე. ჩვენ გვაქვს ღირსება და ივანიშვილი ვერ წაგვართმევს ამას თავის მოსკოველ მოკავშირეებთან ერთად. დღეს არის საქართველოს ღირსების დღე, ისევე როგორც თითოეული დღე ამ ბოლო დღეებში, 10 წლის წლისთავი, როდესაც მსოფლიო გვერდით დაუდგა საქართველოს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს და ჩვენი დიდება, ჩვენი საუკეთესო დღეები არის ჯერ კიდევ წინ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები