25 აპრილი 2024,   16:38
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევა - პრეზიდენტის მრჩევლები ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციები დასრულდა.

მარგველაშვილის მრჩევლები ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და იმ კრიტერიუმებზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც უნდა შეირჩეს თავმჯდომარეობის კანდიდატი.

ნეიტრალური და მიუკერძოებელი თავმჯდომარის შერჩევაზე საუბრობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი. მისი თქმით, პოლიტიკოსებმა გვერდით უნდა გადადონ პოლიტიკურ დღის წესრიგი და მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად შეარჩიონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.

„ნეიტრალური, მიუკერძოებელი და რეფორმატორული უნარების მქონე კანდიდატის შერჩევა არ არის იოლი, რადგანაც პოლიტიკური პროცესი არის მიმდინარე პროცესი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შედეგი ამ პროცესს ექნება მაშინ და რეალისტური ეს პროცესი იქნება მაშინ, თუკი სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები, მათ შორის, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, დროებით, გამონაკლისის სახით, გადადებენ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს გვერდით და შეარჩევენ კანდიდატს, მხოლოდ და მხოლოდ, მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად,“ - განაცხადა დავით ასათიანმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, კონსულტაციები გრძელდება.

„ჩვენ ღია ვართ, მოვისმინოთ ყველას მოსაზრება, არანაირ დაპირისპირებაში თუ კინკლაობაში ჩვენ არავისთან შესვლას არ ვაპირებთ იმიტომ, რომ ქვეყნის წინაშე დგას ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და ჩვენ ბოლომდე გვაქვს გააზრებული ამ ამოცანის სწორად და ღირსეულად გადაწყვეტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მანამდე კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აკადემიური წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

დღის ამბები