18 აპრილი 2024,   08:03
ვრცლად
გასაიდუმლოებული შეხვედრა საპატრიარქოში - ე.წ. ციანიდის საქმე და დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის

სკანდალური ქადაგება ბოდბის მონასტრის ამბიონიდან, სავარაუდოდ, პატრიარქის ქორეპისკოპოსისთვის ხმაურიანი საყვედურებისა და მწვავე კრიტის მიზეზი გახდა. საიდუმლო შეხვედრა საპატრიარქოში პირველმა სწორედ მეუფე იაკობმა დატოვა. მღვდელმთავარმა, სავარაუდოდ, მისი სკანდალური ქადაგების შემდეგ, სინოდის წევრების საყვედური ვერ აიტანა. 

საპატრიარქოში, ბოდბელი ეპისკოპოსი, ამბიონიდან დამუქრების შემდეგ, სამსჯელოდ 6 ეპარქიის მმართველმა დაიბარა და დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. 3 საათიანი აუდიენციის შემდეგ გაირკვა, რომ მეუფე იაკობის გარდა, საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თემა კიდევ უფრო მწვავედ დგას.

საიდუმლო შეხვედრაზე დღეს ჭყონდიდის მიტროპოლიტი არ მიუწვევიათ. მეუფე პეტრე ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელმაც ქორეპისკოპოსი იაკობი მწვავედ გააკრიტიკა და მისი სკანდალური ქადაგების გამო პასუხისმგებლობა არამარტო მღვდელმთავარს არამედ, სინოდის ყველა წევრს დააკისრა. მეუფე პეტრე ქორესპისკოპოსის ხელახლა დაკითხვასაც ითხოვს, რადგან სკანდალური ქადაგების შემდეგ ჭყონდიდის მიტროპოლიტს ეჭვი აქვს, რომ მეუფე იაკობმა გამოძიებას ციანიდის საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაუმალა.

მეუფე იაკობის ქადაგებიდან ერთი დღის შემდეგ, მღვდელმთავარს პატიმარი მღვდლის ოჯახმა უპასუხა. ეპისკოპოსის განცხადებას დაკავებული დეკანოზის ძმამ დიდი ტყუილი უწოდა და ხმაურიან ქადაგებას კიდევ უფრო დიდი სკანდალით უპასუხა. თორნიკე მამალაძის თქმით, საპატიმროს დატოვების შემდეგ დეკანოზი მამალაძე საჯაროდ ილაპარაკებს ყველაფერზე, რაც საპატრიარქოში ამ დრომდე მკაცრად გასაიდუმლოებულია. მღვდლის ძმა ამბობს, რომ განსაკუთრებით ბევრი მოსაყოლი ქორეპისკოპოს იაკობის ფინანსებსა და კლანურ საქმიანობაზე აქვს.

პატიმარი მღვდლის უფლებადამცველებს ამბობენ, რომ მეუფე იაკობს დეკანოზ მამალაძის თავისუფლებაზე ყოფნა ყველაზე მეტად აშინებს.  

ქორეპისკოპოსმა იაკობმა დეკანოზ მამალაძის შეწყალების თემაზე გუშინ ბოდბის მონასტერში იქადაგა, მღვდელმთავარმა სასულიერო პირი „ავაზაკად“ და „დაჯგუფების წევრად“ მოიხსენია, ქადაგების დიდი ნაწილი კი ადვოკატების მხრიდან პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნას მიეძღვნა.

დღის ამბები