24 აპრილი 2024,   07:41
ვრცლად
პრეზიდენტობის 18 კანდიდატი და მათ შორის ერთი ქალი - სავარაუდოდ, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები გამორჩეული იქნება

სალომე ზურაბიშვილი რიგით მე-18 და ჯერჯერობით ერთადერთი ქალი კანდიდატია, რომელსაც ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის პრეზიდენტობა სურს.

ზურაბიშვილი ამ დრომდე დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით სარგებლობს და ამტკიცებს, რომ საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის შემდეგ, „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციები ჯერ არ ჰქონია.

სახელის შეცვლას ელოდება ზურაბ ჯაფარიძე და როგორც კი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გახდება, განაცხადით ცესკოს ისიც მიმართავს. პარტიაში აანონსებენ, რომ ისინი არასტანდარტულ საარჩევნო კამპანიას ჩაატარებენ. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ზურაბ ჯაფარიძე საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსით ყველა რეგიონში ჩავა, ამომრჩეველს ელექტრონულ მუსიკასა და მწვადს შესთავაზებს, ვისაც სურვილი ექნება ლეგალიზებული მარიხუანით შეიქცევს თავს.

ვიდრე ზურაბ ჯაფარიძე მეორე სახელს გირჩს, ოფიციალურად მიიღებს, ორსახელიან კანდიდატს განაცხადი პრეზიდენტობაზე უკვე წარდგენილი აქვს. მიხეილ გელა სალუაშვილი საპრეზიდენტო მარათონში მეორედ მონაწილეობს.

საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებისთვის მხარდამჭერთა სპეციალური ბლანკი პირველმა თვითონ დავით უსუფაშვილმა შეავსო.  მისი მხარდამჭერები ამ არჩევნებში "თავისუფალი დემოკრატები" და "ეროვნული ფორუმი" არიან.

უსუფაშვილისგან განსხვავებით, მესამედ აქვს საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსი პირველ "ლეიბორისტს" შალვა ნათელაშვილს. 

განაცხადი პრეზიდენტობაზე პირველად აქვს წარდგენილი კახა კუკავას, მაგრამ ის ოფიციალურად საპრეზიდენტო მარათონში ჩართული ჯერ არ არის.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია” ამბობს, რომ ყველა პროექტი, რომელიც კი გაკეთდება, საქართველოს მოქალაქეზე იქნება ორიენტირებული.

„ქვა ქვაზე არ დადებულა 2012 წლის შემდეგ და რაც გაკეთებულია, მიზანმიმართულად ინგრევა. ამ კამპანიის მთავარი აზრი არის ის, რომ მოქალაქესთან ერთად ვთქვათ, რომ პირველი - გამარჯვება გარდაუვალია, მეორე - აუცილებლად საქართველოს დავაბრუნებთ სწრაფი განვითარების გზაზე და მესამე, მთელი ყურადღება იქნება მოქალაქეზე ორიენტირებული,“ - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა კი ამბობს, რომ დავით ბაქრაძის პრეზიდენტობის პირობებში, ქვეყანაში საჭირო რეფორმები გატარდება.

„დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის პირობებში, მთავრობას, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ერთი წელი არჩევნების შემდეგ იქნება „ქართული ოცნების,“ აიძულებს მიხედოს სოფელს, აიძულებს მთავრობას შეამციროს გადასახადები, აიძულებს მთავრობას გაზარდოს პენსია პირველივე ეტაპზე 50 ლარით,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

პრეზიდენტობის მსურველებს განცხადების წარდგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 8 სექტემბრამდე შეუძლიათ.

დღის ამბები