24 აპრილი 2024,   23:15
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კურსი არ გადაიზარდოს ინფლაციაში, ეს არის მთავარი საზრუნავი მთავრობის - რომან კაკულია

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, რომ კურსი არ გადაიზარდოს ინფლაციაში, ეს არის მთავარი საზრუნავი მთავრობის,“ - ეს განცხადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ გააკეთა.

ლარის კურსის გაუფასურებაზე საუბრისას რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ ეროვნული ვალუტის რყევამ, ინფლაცია არ გამოიწვიოს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული ბანკი სწორედ ასე უყურებს პროცესებს, იმიტომ, რომ კურსის მერყეობა, როცა თავისუფალი კურსია, მოხდება, მაგრამ მთავარია, ინფლაციაში არ გადაიზარდოს ის და აქ ის ნამდვილად სადარაჯოზე უნდა იდგეს,“ - აცხადებს კაკულია.

რომან კაკულიამ მთავრობის მისამართითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ არსებული მძიმე სიტუაციიდან გამოსავლის გზები ყველამ ერთად უნდა ეძებოს.

„ნამდვილად არ არის იოლი სიტუაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ყოველთვის ამ სიტუაციიდან ერთად უნდა გამოვიდეთ და ხელისუფლებას არანაირად არ უნდა ჰქონდეს, ყოველ შემთხვევაში, იმის ილუზია, რომ რაღაცნაირად სიტუაციის გალამაზება უკეთეს შედეგს მოიტანს,“ - განაცხადა კაკულიამ.

ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემებით, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2 ლარი და 63 თეთრი გახდა. ეროვნული ვალუტა ბოლო დღეების განმავლობაში ისევ კრიზისშია და ვარდნას განაგრძობს.

ერთი დოლარის ღირებულებამ, დღის განმავლობაში სავალუტო ჯიხურებში, 2 ლარს და 64 თეთრსაც მიაღწია.

მხოლოდ ბოლო 5 დღეში, ეროვნული ვალუტა 11 თეთრით გაუფასურდა.

დღის ამბები