19 აპრილი 2024,   08:34
ვრცლად
ოპოზიცია თამარ ჟვანიას მივლინებებში ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს - ცესკო ბრალდებებს პასუხობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. საუბარია „რუსთავი 2"-ის ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტზე, სადაც ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მივლინებებში ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს.

„კურიერის“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ცესკო-მ გუშინ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა და ოპოზიციის ბრალდებებს მხოლოდ დღეს ეხმაურება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ბრალდებები მათი დისკრედიტაციის მცდელობაა და მივლინებები მათი საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს სპიკერი, ანი მიქელაძე აცხადებს, რომ ენმ-ის წარმომადგენელმა ცესკო-ს მიერ გაღებული ხარჯების მხოლოდ თამარ ჟვანიას სახელთან დაკავშირება სცადა.

„სამწუხაროა, რომ საზოგადოების ნდობა და კარგი დამოკიდებულება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ გამოწვევად იქნა აღქმული გარკვეული ძალების მხრიდან და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი მიმართული მუშაობა მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი გახდა. დისკრედიტაციული კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს სატელევიზო ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება, ცესკო-ს მივლინებებთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტის მიერ მივლინებების რაოდენობა და თანხები შესაბამისად იქნა გაშუქებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მიზანმიმართულად ეცადა აღნიშნული თანხის ხარჯვა არასწორად დაეკავშირებინა მხოლოდ ცესკო-ს თავმჯდომარის სახელთან და უფრო მეტიც, მან ტელევიზიით პირდაპირ მოიტყუა, თითქოს, თავმჯდომარე წელს მივლინებით იმყოფებოდა მექსიკასა და კოლუმბიაში,“ - განაცხადა ანი მიქელაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები