12 დეკემბერი 2019,   12:57
ვრცლად
ძალადობა მცირეწლოვანზე - ბაგა-ბაღში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

ძალადობა მცირეწლოვანზე -  სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღის ძიძა, 8 თვის ჩვილზე ძალადობს. კადრები facebook-ით, ჩვილის მშობლებმა გაავრცელეს, რის შემდეგაც ფაქტზე მოკვლევა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.

ძიძა, უკვე დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა ის უწყებაში ჯერ არ მისულა. მას უახლოეს საათებში გამოკითხავენ. ბაგა-ბაღ "პირველი ნაბიჯის" ძიძას, ძალადობის მუხლით გაასამართლებენ. 

ბაგა-ბაღის დირექტორი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ შემთხვევა 8 აგვისტოს მოხდა. იმავე დღეს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძიძა სამსახურიდან გაათავისუფლეს. 8 აგვისტოსვე, ბავშვის მშობლების მოთხოვნის შესაბამისად, ბაღმა ვიდეოჩანაწერი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მშობლებს მიაწოდა.

დიანა კიკნაძე ამბობს, რომ ის რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებოდა მშობლებისგან რეაგირებას, რაც სამართალდამცავი უწყებებისთვის მიმართვას გულისხმობს. თუმცა, როგორც ბაგა-ბაღ "პირველი ნაბიჯის" დირექტორი ამბობს, სამართალდამცავი უწყებებისთვის მიმართვის მაგივრად, რამდენიმე დღის განმავლობაში, ბავშვის ოჯახის წევრები უკავშირდებოდნენ მას და სთავაზობდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ბაღი მათ კომპენსაციას გადაუხდიდა, აღარ იჩივლებდნენ.

როგორც დიანა კიკნაძე ამბობს, ამაზე მან უარი განაცხადა. მისთვის გაუგებარია, მომხდარი ფაქტიდან ერთი კვირის შემდეგ, რატომ გაავრცელეს სოციალურ ქსელში აღნიშნული ვიდეოკადრები ბავშვის ოჯახის წევრებმა და რატო არ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს.

„მივაწოდეთ მშობელს ლაივის წვდომა, რომ მიეღოთ ზომები. ზომები, რომელიც იგულისხმება, მიემართათ პოლიციისთვის და ა.შ. იყო იქ რაღაც შემოთავაზებები ბავშვის მამიდისგან და ა.შ. ფინანსურ რაღაც შემოთავაზებაზე იყო. ჩვენგან ითხოვდნენ რაღაც ფინანსურ კომპენსაციას. მე ეს არ ჩამითვლია საჭიროდ, იმიტომ რომ ბავშვი არ დაზიანებულა, ისეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ბავშვს დაზიანება მიეყენა...ამის შემდეგ უკვე აღარ იყვნენ კონტაქტზე ჩვენთან და უცებ, გუშინდელი facebook-ის გვერდით შევიტყეთ. მასალა, რომელიც შვილისთვის სჭირდებოდა, facebook-ზე დადო. ვერ ვხვდები რა ხდება,“ - აღნიშნა ბაგა-ბაღ "პირველი ნაბიჯის" დირექტორმა, დიანა კიკნაძემ.

დღის ამბები