20 აპრილი 2024,   03:37
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობის ბრალდებით პასუხისგებაში მისცენ

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობის საქმეზე მოწმის სტატუსით სუს-ის თანამშრომლებმა დაკითხეს.

გამომძიებლები 5 საათის განმავლობაში ცდილობდნენ გაერკვიათ, რას გულისხმობდა ის, როცა ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მოდულის შენობის წინ თავის აფეთქებაზე საუბრობდა.

ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ისევ აგრძელებს და არ გამორიცხა, რომ ამის გამო, ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობის ბრალდებით პასუხისგებაშიც მისცენ.

სუს-ის თანამშრომლებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ადვოკატმა განუმარტეს, რომ 31 მაისს აქციაზე გაკეთებული განცხადება დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა და ის შვილმკვდარმა მამამ აღელვების გამო თქვა.

„ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პროკურატურაში იმის გასარკვევად მივიდა, უკავშირდება თუ არა გამოძიების დაწყება მაჩალიკაშვილისა და სარალიძის სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას.

კილაძე ირწმუნება, რომ ევროპულ ქვეყნებში თბილისიდან გაიგზავნა წერილები, სადაც ნათქვამია, რომ ჯგუფის წევრები, ტერორისტულ საქმიანობაში არიან ბრალდებულები.

სუს-ი არ განმარტავს, რატომ დაინტერესდა სწორედ ახლა ორთვიანი დუმილის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით და რა კავშირშია სახელმწიფო სტრასბურგში ჩაშლილ შეხვედრებთან.

გომელაურის უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე, ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები