23 სექტემბერი 2018,   17:15
ვრცლად
კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი - ოჯახი დარწმუნებულია, რომ ოსორაული ცოცხალია და დახმარებას ითხოვს

კონგოში გაუჩინარებული ქართველი მფრინავის ოჯახი კვლავ დახმარებას ითხოვს. ოსორაულები დარწმუნებული არიან, რომ პილოტი ცოცხალია, მათი მთავარი არგუმენტი კი სახელფასო ანგარიშზე თანხის ყოველთვიური ჩარიცხვაა, რაც ამ დრომდე გრძელდება.

ერთ წელზე მეტია გასული, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა მის პირად ანგარიშზე კონგოს ხელისუფლება ხელფასს ისევ რიცხავს. გარდაცვალების შემთხვევაში კი კონტრაქტს ავტომატურად შეწყვეტდნენ.

ოჯახის წევრის დაღუპვის შესახებ, ოსორაულებს 2017 წლის 14 მაისს აცნობეს. მაშინ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოჯახს განუცხადა, რომ ინფორმაცია ამბოხებულთა პოლიტიკურმა ლიდერმა, ბერტრან ბისიმვამ მიაწოდა, თუმცა ეს მხოლოდ ზეპირი ინფორმაცია იყო. ამის შემდეგ, ძმის მოსაძებნად საკუთარი ძალებით ჩაერთო საქმეში გია ოსორაული. ის ამტკიცებს, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია და ხელისუფლებას სთხოვს გამოიყენოს დიპლომატიური კონტაქტები მის დასაბრუნებლად.

სოსო ოსორაულის საქმე საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 თვის წინ მთავარ პროკურატურას გადასცა. ოჯახიც და ადვოკატებიც ხელისუფლებას საქმის გამოძიების გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.

რატომ არ მიენიჭა ოჯახს დაზარალებულის სტატუსი, წერილობით განმარტავს პროკურატურა. უწყების ინფორმაციით, იმ მიზეზით, რომ გამოძიებას საქმეში არ აქვს უტყუარი მტკიცებულება სოსო ოსორაულის გარდაცვალების შესახებ, ამ ეტაპზე მისი ოჯახის წევრებს, უარი ეთქვათ შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

დღის ამბები