14 ნოემბერი 2018,   11:52
ვრცლად
იტალიის ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის გამო, მსხვერპლთა რიცხვი სულ უფრო იზრდება

გენუის საავტომობილი ხიდის ნანგრევებში მაშველები გადარჩენილ მგზავრებსა და მძღოლებს ეძებენ. 1960 წელს აგებული მაგისტრალი შუადღისას ჩაინგრა და ათობით მანქანა ჩაიტანა. 

ხიდის ქვეშ რკინიგზა და პატარა მდინარე გადიოდა. კონსტრუქციის ფრაგმენტები საცხოვრებელ სახლებსაც დაეცა, სადაც ორი ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა. ბოლო მონაცემით, ხიდის ჩამონგრევას 35 ადამიანი ემსხვერპლა. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მსხვერპლის გაზრდას არ გამორიცხავს, რადგან ნანგრევებს 200 კაციანი სამაშველო ბრიგადა ამ დრომდე ამოწმებს. 

ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად შტორმი დასახელდა. გამოძიების ვარაუდით, ხიმინჯმა სტიქიას ვერ გაუძლო. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი დამნაშავეების დასჯის პირობას დებს.

იტალიელ ხალხს მომხდარის გამო სამძიმარი გამოუცხადეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც იტალიელებს სამაშველო ოპერაციაში დახმარება შესთავაზა.

საქართველოს საგარეო უწყება კი გენუაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და ცხელი ხაზის ნომერსაც აქვეყნებს. სამინისტროში განმარტავენ, რომ ხიდის ჩამონგრევის დროს დაღუპულთა და დაზარალებულთა იდენტიფიცირების პროცესი დასრულებული არ არის და მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა შესახებ ცნობას საგარეო უწყება ჯერჯერობით არ ფლობს.

დღის ამბები