19 აპრილი 2024,   12:14
ვრცლად
მუსიკალური სამყარო სოულის დედოფალს გლოვობს - არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

მუსიკალური სამყარო სოულის დედოფალს გლოვობს. არეტა ფრანკლინი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყველა დროის საუკეთესო მომღერალი 20 გრემის მფლობელია. ის იყო პირველი ქალი-შემსრულებელი, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების ხეივანში მოხვდა.

არეტა ფრანკლინი 14 წლიდან სცენაზეა. თავდაპირველად დეტროიტის საეკლესიო გუნდში მღეროდა და მალევე გახდა პოპულარული გამორჩეული ხმის გამო. ჩაწერა 100-ზე მეტი სიმღერა, და 20 მათგანი დღემდე მუსიკალურ ჩარტებში პირველ ადგილზეა.

მომღერლის გარდაცვალებას მისი კოლეგები და მეგობრები სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ. არეტა ფრანკლინის ოჯახს და ამერიკელ ხალხს მიუსამძიმრეს მიკ ჯაგერმა, პოლ მაკარტნიმ, დაიანა როსმა და ელტონ ჯონმა.

სცენაზე ფრანკლინი ბოლოს შარშან ნოემბერში სწორედ ელტონ ჯონთან ერთად გამოვიდა. ერთ-ერთი პირველი მომღერლის სახლში დღეს მისი უახლოესი მეგობარი ჯესი ჯექსონი მივიდა.

მუსიკალური ჯილდოების გარდა, არეტა ფრანკლინი ფლობდა პრეზიდენტის თავისუფლების მედალს, რომელიც მას ჯორჯ ბუშმა გადასცა. როგორც ყველა დროის საუკეთესო ხელოვანი, ის ბილ კლინტონმა დააჯილდოვა.

არეტა ფრანკლინმა პრეზიდენტის ინაუგურაციის სამ ცერემონიაზე იმღერა და ბოლო გამოსვლა ბარაკ ობამას მიუძღვნა.

მის ხსოვნას დღეს მთელს ამერიკაში მიაგებენ პატივს. სოულის დედოფლის დაკრძალვის თარიღი და ადგილი, ჯერჯერობით, არ სახელდება.

დღის ამბები