23 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
ეკა ბესელია პრეზიდენტის რეზიდენციის ათონელის ქუჩაზე გადატანის მომხრეა

„ეს არის ქვეყანა, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატივისცემა ინსტიტუტების და არ მგონია, რომ ფუფუნებაზე და განსაკუთრებით ბრჭყვიალა ნივთებზე თუ შენობებზე უნდა იყოს გადატანილი აქცენტი,“ - ეს განცხადება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გააკეთა.

ეკა ბესელია პრეზიდენტის რეზიდენციაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნება, თუ პრეზიდენტის მიერ გაღებული სასახლის ხარჯები დიდი ოდენობის არ იქნება. სწორედ ამიტომ, ეკა ბესელია პრეზიდენტის სასახლის ათონელზე ოფისში განთავსების მომხრეა. 

დეპუტატი ასევე, იზიარებს პრემიერის მიერ დღეს გამოთქმულ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მოქალაქეებს სახელმწიფო შტოების შენახვა ძვირი არ უნდა უჯდებოდეს, მათ შორის, არც პრეზიდენტის.

„აბსოლუტურად ვიზიარებ პრემიერის შეფასებას და თავის დროზე, ერთ-ერთი არგუმენტი, რაც იყო ჩვენი მხრიდან გამოთქმული, რატომ არა ეს პრეზიდენტის სასახლე, იყო სწორედ ის, რომ ძალიან ბევრი ზედმეტი, არასაჭირო ხარჯი აქვს იმ სასახლეს და არ არის რაციონალური, მაშინ, როდესაც არსებობს ახლადაშენებული ათონელზე ოფისი, რომელიც ზუსტად მორგებული არის ყველა იმ საჭიროებას და ყველა სტანდარტს, რაც უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს. ამიტომ, პრაგმატულადაც თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, სწორი და გონივრული იქნებოდა ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

თუმცა, რა თანხა დაუჯდება გადამხდელებს ათონელის რეზიდენციის შენახვა, ამ საკითხზე საუბრისგან პრემიერთან ერთად თავი შეიკავა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

დღის ამბები