23 სექტემბერი 2018,   17:16
ვრცლად
16 წლის გოგომ, რომელმაც შანტაჟის გამო თავი ჩამოიხრჩო, სიკვდილამდე წერილი დატოვა

სოფელ ნატანებში 16 წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო. მიზეზი შანტაჟი გახდა, რომელიც 22 წლის ახალგაზრდასთან ვირტუალური ნაცნობობით დაიწყო. არასრულწლოვანი სოფელ ნატანებში დღეს დაკრძალეს.

16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე წერილი დაწერა. არასრულწლოვანმა მშობლებს მოუყვა, როგორ აშანტაჟებდა სოციალური ქსელით გაცნობილი პირი და ინტიმური ფოტოების გადაღებას აიძულებდა. წერილი "კურიერმა" მოიპოვა. 

"ვწერდი ერთს, გიორგი ჰქვია. ძალიან დავახლოვდით და ისე შევეჩვიე, მომავალზეც კი ვილაპარაკეთ, დაჟე ბავშვზეც მელაპარაკა. მაგრამ მერე გავიგე, რომ თურმე ის არ ყოფილა, ვინც მეგონა. თურმე თავისი ძმაკაცი მწერდა იმის ფეისბუქიდან. მითხრა, იმას თუ არ გავაკეთებდი, რასაც ვეტყოდი, ჩვენს ესემებს დასქრინავდა და შენ და მამიკოს გამოგიგზავნიდათ. ამას კი ვერ გადავიტანდი და დავთანხმდი. ძალიან ბევრი საზიზღრობა ვიდეო გადამაღებინა და გამაგზავნინა. შემდეგ ამ ვიდეოებით დამიწყო შანტაჟი. ეს დღეები რა გამოვიარე, ამას ვერავინ ვერ გაიგებს, დედა. შენც კი ვერ გამიგებ, დედა. ვიცი, ჩემი ხელით დავიღუპე თავი, მაგრამ ვერაფერს შევცვლი,“- წერს არასრულწლოვანი.

პირი, რომელზეც 16 წლის გოგო წერილში წერს, 22 წლის მევლუდ თეზიაშვილია. მას 16 წლის მოზარდთან წინასწარ შეცნობით ჩადენილ გარყვნილ ქმედებასა და დაზარალებულის შანტაჟით თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებიან. სასამართლომ ახალგაზრდა მამაკაცი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი გოგოს სხვა სახელითა და გვარით გაეცნო. ერთწლიანი მიმოწერის შემდეგ კი დაკავებული სკოლის მოსწავლეს მესიჯების გასაჯაროებით დაემუქრა. სანაცვლოდ, ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებასა და გაგზავნას აიძულებდა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა თბილისში, საკუთარ სახლში აიყვანეს. დაკავებულის დედა ყვება, რომ მევლუდ თეზიაშვილმა დაზარალებული გოგო ინტერნეტით ერთი წლის წინ გაიცნო.

ვიდეომასალა მტკიცებულებების სახით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახლისა და პირადი კომპიუტერის ჩხრეკის დროს ამოიღეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 16 წლის გოგონასთან ბოლო კომუნიკაცია თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე შედგა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები