19 აპრილი 2024,   20:55
ვრცლად
6 რეგიონს ახალი გუბერნატორი ეყოლება - მამუკა ბახტაძე რწმუნებულებს ხვალ ოფიციალურად დაასახელებს

პრემიერ-მინისტრი ექვს გუბერნატორს საზოგადოებას საჯაროდ ხვალ წარუდგენს. მამუკა ბახტაძე საკუთარ წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში 3-კვირიანი კონსულტაციების შემდეგ დაასახელებს.

ოფიციალურ წარდგენამდე პრემიერი რჩეულთა გვარებს არ ასახელებს, თუმცა ახალი გუბერნატორების სია „კურიერისთვის“ ცნობილია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, სავარაუდოდ, ალექსანდრე მოწერელია გახდება. ის პოლიტიკაში კერძო სექტორიდან ინაცვლებს. მოწერელია დღემდე თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო.

„კურიერის“ ცნობით, იმერეთის გუბერნიას შავლეგო ტაბატაძე ჩაიბარებს. პოლკოვნიკი ტაბატაძე 20 წელია, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. ის დღეს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალია.

„კურიერის“ ინფორმაციით, შიდა ქართლის გუბერნატორი პრემიერმინისტრმა ძალოვანი უწყებიდან შეარჩია. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსია.

ქვემო ქართლის გუბერნატორი, სავარაუდოდ, შოთა რეხვიაშვილი გახდება. ის ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრის, სოზარ სუბარის მოადგილე იყო. პროფესიით იურისტი რეხვიაშვილი 1995 წლიდან პროკურორია და 18 წლის განმავლობაში მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. სამინისტროში მისვლამდე კი რეხვიაშვილი 2012-2013 წლებში მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მოადგილეც იყო.

„კურიერის“ ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიას ხვალიდან შალვა კერესელიძე ჩაიბარებს. ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსია.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კი, სავარაუდოდ, ბესიკ ამირხანაშვილი იქნება. მის შესახებ საჯარო სივრცეში ინფორმაცია არ იძებნება.

ექვსი გუბერნატორის პოსტის გათავისუფლება პრემიერ მამუკა ბახტაძის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო. 9 გუბერნიიდან მან თანამდებობა მხოლოდ 3-ს შეუნარჩუნა. გურიის გუბერნატორად მერაბ ჭანუყვაძე, რაჭა-ლეჩხუმის - არჩილ ჯაფარიძე, კახეთის გუბერნატორად კი ირაკლი ქადაგიშვილი რჩებიან.

 

 

დღის ამბები