16 დეკემბერი 2018,   04:14
ვრცლად
მერკელი პუტინის შეხვედრა საქართველოს საკითხის განხილვის გარეშე - ოპოზიცია არასწორ საგარეო პოლიტიკაზე, მმართველი გუნდი კი გერმანიის მხარდაჭერაზე საუბრობს 

23 აგვისტოს საქართველოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. მერკელმა საქართველოში ვიზიტამდე რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა, თუმცა მხარეებმა თითქმის სამ საათიანი შეხვედრა, საქართველოს საკითხის განხილვის გარეშე დაასრულეს.

მოლაპარაკება უკრაინის კრიზისს და ჩრდილოეთ ნაკადი ორის მშენებლობას დაეთმო.  

მომხდარს ქართველი ანალიტიკოსების ნაწილი შემაშფოთებელს უწოდებს, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში.

„ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ის, დაინტერსდა თუ არა გერმანიის კანცლერი პუტინთან შეხვედრის დროს საქართველოს საკითხით.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ანგელა მერკელის საქართველოსადმი მხარდაჭერას მისი ვიზიტიც ადასტურებს.

„ზუსტად ის არის მნიშვნელოვანი, რომ ანგელა მერკელი საქართველოში ჩამოვა. სწორედ ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულება გერმანიის მხრიდან,“-განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ.

საქართველოს ხელისუფლების არასწორ საგარეო პოლიტიკაზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველო აღარ მოიაზრება საერთაშორისო საზოგადოებაში ისეთ მოთამაშედ, რომელსაც გლობალურ პოლიტიკაში თავის სიტყვის თქმა შეუძლია.

„ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ არც მერკელი და არც ნებისმიერი სხვა განვითარებული და დიდი სახელმწიფოს პირველი პირი არ საუბრობს საქართველოზე,“-აცხადებს ენმ-ს წევრი კოტე იოსელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები