ქვეყანას 7 ახალი გუბერნატორი ჰყავს. პრემიერ-მინისტრმა 7 რეგიონის რწმუნებული დღეს წარადგინა. წარდგენის შემდეგ სამომავლო გეგმებსა და მოსალოდნელ საკადრო გადაადგილებებზე რწმუნებულებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
გუბერნატორების განცხადებით, ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი განხორციელდება თუ არა საკადრო გადაადგილებები.
რწმუნებულების განცხადებით, ვითარების გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ, შეცვლიან თუ არა გუნდს.
„თუ ადამიანი ტემპს აგვიწყობს და გააკეთებს იმას იმ ტემპში, რა დავალებაც არის და რაც შესასრულებელია, ასეთ ადამიანებთან მუშაობა გაგვიადვილდება. პირველ რიგში მათ მიერ შესრულებული საქმეები უნდა ვნახო,“- განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ.
იმერეთის სახელმწიფო გუბერნატორის, შავლეგო ტაბატაძის თქმით, მუშაობისას პრიორიტეტი ადგილობრივ მმართველობასთან კომუნიკაცია იქნება. მისი განცხადებით, დაგროვილ გამოცდილებას რეგიონს მოახმარებს.
„მნიშვნელობა არ აქვს თითოეული ჩვენგანი შეიარაღებულ ძალებში ვიქნებით თუ სამოქალაქო სექტორში, მთავარია ჩვენს ქვეყანას ვემსახუროთ,“- განაცხადა ტაბატაძემ.
საქართველოს პრემიერმა 7 რეგიონის ახალი გუბერნატორები დაასახელა. ახალი რწმუნებულები მამუკა ბახტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა.